Loading data...
ზელენსკიმ დაადასტურა ტრამპის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეების გაცვლის შესახებ ინფორმაცია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკული მხარის შუამავლობით უკრაინამ რუსეთთან სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეების გაცვლის შესახებ შეთანხმებას მიაღწია.

„ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, რომლებიც 2026 წლის 8 მაისს ამერიკულ მხარესთან გამართულ მოლაპარაკებებში იყო განსაზღვრული და მრავალრიცხოვანი თხოვნების გათვალისწინებით, ვადგენ: დავუშვათ 2026 წლის 9 მაისს რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ მოსკოვში, სამხედრო აღლუმის ჩატარება. აღლუმის დროს (2026 წლის 9 მაისს, კიევის დროით დილის 10:00 საათიდან) მოსკოვის წითელი მოედნის ტერიტორიული კვადრატი გამოირიცხოს უკრაინული შეიარაღების გამოყენების გეგმიდან.

ჩვენს ქმედებებში სიმეტრიულობის პრინციპი კარგადაა ცნობილი და მკაფიოდ ვაცნობეთ ეს რუსულ მხარეს. ჩვენი პოზიციის განსაზღვრისთვის უკრაინისთვის დამატებითი არგუმენტი ყოველთვის იყო ამ ომში მთავარი ჰუმანიტარული საკითხის მოგვარება – კერძოდ, ომის ტყვეების გათავისუფლება. ჩვენთვის წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე იმ უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომელთა სახლში დაბრუნებაც შეიძლება. ასევე, 9, 10 და 11 მაისს უნდა დამყარდეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. უკრაინა მუშაობს რუსული ტყვეობიდან თავისი მოსახლეობის დასაბრუნებლად. მე დავავალე ჩვენს გუნდს, რომ დროულად მოამზადოს ყველაფერი, რაც გაცვლისთვის არის საჭირო“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს და მის გუნდს ნაყოფიერი დიპლომატიური ჩართულობისთვის.