Loading data...
ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება  9-დან 11 მაისამდე იქნება ძალაში.

„მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა იქნება (9, 10 და 11 მაისს) რუსეთსა და უკრაინას შორის ომში. რუსეთში ამ დღეებში გამარჯვების დღე აღინიშნება, თუმცა, ასევე, უკრაინაშიც, რადგან მეორე მსოფლიო ომში უკრაინამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ცეცხლის შეწყვეტა მოიცავს ყველა სამხედრო მოქმედების შეჩერებას, ასევე, ტყვეების გაცვლას - თითოეული ქვეყანა ერთმანეთს 1 000 ტყვეს გადასცემს. ეს მოთხოვნა პირადად მე გავაკეთე და ვაფასებ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თანხმობას. იმედი მაქვს, ეს იქნება ძალიან ხანგრძლივი, სისხლიანი და მძიმე ომის დასრულების დასაწყისი.

მოლაპარაკებები ამ მასშტაბური კონფლიქტის დასრულებაზე კვლავ გრძელდება - ეს არის ყველაზე დიდი ომი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ჩვენ ყოველდღიურად უფრო და უფრო ვუახლოვდებით შეთანხმებას“, - წერს ტრამპი.