ზელენსკი: რუსეთი 2029-2030 წლებში ევროპაში მასშტაბური ომის დასაწყებად ემზადება
რუსეთის ფედერაცია ზრდის სამხედრო-სამრეწველო ობიექტებში წარმოებას და ემზადება ევროპის კონტინენტზე მასშტაბური ომისთვის 2029 ან 2030 წლიდან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა და აღნიშნა, რომ რუსეთზე მეტი ზეწოლაა საჭირო.
„ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ რუსეთს გაჩერება სურს. პრობლემა ის არის, რომ როდესაც რუსეთის სამხედრო ინდუსტრიას ვუყურებთ, ვხედავთ, რომ ისინი ზრდიან წარმოებას. ჩვენი შეფასებით, მათ ამ ომის გაგრძელება სურთ“, - აცხადებს ზელენსკი.
ამავდროულად, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთზე ძალიან დიდი ზეწოლა განხორციელდება, რუსებს პაუზა დასჭირდებათ.
„მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მათ დიდი ომი სურთ, ისინი ემზადებიან იმისთვის, რომ შეძლონ ასეთი დიდი ომის დაწყება 2029 ან 2030 წელს - ამ პერიოდში, ევროპის კონტინენტზე. ჩვენ ამას ნამდვილად დიდ გამოწვევად აღვიქვამთ“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
სახელმწიფოს მეთაურმა დასძინა, რომ ახლა უკრაინაში რუსი დამპყრობლების შეჩერებაზე უნდა ვიფიქროთ.
„მაგრამ, ასევე, ყველაფერი უნდა გააკეთოთ მათი შესაძლებლობების შესამცირებლად. ნუ მისცემთ მათ ფულს, რომლის მიღებაც კვლავ შეუძლიათ ენერგორესურსებიდან. და ნუ მისცემთ მათ იარაღს. ასე რომ, ეს არის პრობლემა, რომელზეც უნდა ვიფიქროთ“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.