Loading data...
ზელენსკი: ახალი რაკეტით დარტყმა ომის მასშტაბის სერიოზული ზრდაა

ახალი რაკეტით დარტყმა ომის მასშტაბის სერიოზული ზრდაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, პუტინმა აღიარა, რომ ესკალაციისკენ, ომის გაფართოებისკენ წელს უკვე მეორე ნაბიჯი გადადგა. კერძოდ, გამოყენებული იქნა ახალი ბალისტიკური რაკეტა.

„პუტინმა დაარტყა ჩვენს ქალაქ დნიპროს - უკრაინის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქს. ეს არის ამ ომის მასშტაბების და სისასტიკის აშკარა და სერიოზული ზრდა, რუსეთის მიერ გაეროს წესდების ცინიკური დარღვევა. ხაზს ვუსვამ: ეს არის რუსეთის მეორე ნაბიჯი ესკალაციისკენ ერთი წლის განმავლობაში. პირველი ასეთი ნაბიჯი იყო ჩრდილოეთ კორეის ჩართვა უკრაინის წინააღმდეგ ომში – სულ მცირე 11 ათასი ჯარისკაცისგან შემდგარი კონტინგენტი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან დაკავშირებით, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა  აღნიშნა, პუტინმა ორივე ნაბიჯის გადადგმისას უგულებელყო მსოფლიოში ყველა, ვინც მას მოუწოდებს, ომი არ გააფართოოს.

„მას არ აინტერესებს რას ითხოვენ ჩინეთი, ბრაზილია, ევროპის ქვეყნები, ამერიკა, მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანა. პუტინი ერთადერთია, ვინც დაიწყო ეს ომი - სრულიად არაპროვოცირებული ომი და რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ომი გაგრძელდეს“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

სახელმწიფოს მეთაურის თქმით, დღევანდელი ბალისტიკური რაკეტა უკრაინის წინააღმდეგ კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთს ნამდვილად არ სურს მშვიდობა.

„პუტინი იტყუება, როდესაც ამტკიცებს, რომ უკრაინის მიერ შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენება ჩვენთვის რაღაც ახალი ნაბიჯია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვიყენებთ მსგავს იარაღს და ამის უფლება გვაქვს საერთაშორისო სამართლის მიხედვით. ჩვენი თავდაცვის უფლება იგივეა, რაც ნებისმიერი სხვა ერის. როდესაც რუსული რაკეტები ჩვენს ქალაქებს ურტყამს, როდესაც ირანული „შაჰედები“ ყოველ ღამეს უკრაინას თავს ესხმიან, როდესაც ჩრდილოეთ კორეის კონტინგენტი განლაგებულია ჩვენს საზღვრებზე, პუტინი არა მხოლოდ ახანგრძლივებს ომს, არამედ ის სახეში აფურთხებს მსოფლიოში ყველას, ვისაც გულწრფელად სურს მშვიდობის აღდგენა“, - აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მსოფლიომ ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს.

„პუტინი გცდით თქვენ, ძვირფასო პარტნიორებო. გასაგებია, ვინ არის ამ ომის ერთადერთი დამნაშავე, ვინ დაიწყო ომი 24 თებერვალს და ვინ აგრძელებს მთელი რესურსის მოხმარებას ამ ომის გასაგრძელებლად. ის უნდა შეჩერდეს. რუსეთის ქმედებებზე მკაცრი რეაქციების ნაკლებობა აგზავნის შეტყობინებას, რომ ასეთი ქცევა მისაღებია. ამას აკეთებს პუტინი. პუტინმა უნდა იგრძნოს თავისი შეშლილი ამბიციების ფასი. საჭიროა რეაგირება.

რუსეთი უნდა აიძულონ, დაამყაროს ნამდვილი მშვიდობა, რაც მხოლოდ ძალითაა შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება გაუთავებელი რუსული დარტყმები, მუქარები და დესტაბილიზაცია არამხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ. ნამდვილი მშვიდობისთვის ღირს ბრძოლა. მოქმედებაა საჭირო“, - დასძინა ზელენსკიმ.