ზელენსკი: 24 თებერვალი განსაკუთრებული თარიღია - არ შეიძლება მისი არჩევნების გამოცხადებისთვის გამოყენება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო Financial Times-ის ინფორმაცია, რომ ის სავარაუდოდ 24 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნებისა და ტერიტორიებთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების გეგმების გამოცხადებას გეგმავს.
მისი თქმით, არჩევნების საკითხი უკრაინის სხვადასხვა პარტნიორმა წამოჭრა, თავად უკრაინას კი არასდროს დაუყენებია ეს საკითხი.
„მაგრამ, რა თქმა უნდა, მზად ვართ არჩევნებისთვის. ეს ძალიან მარტივია: ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამყარება - და არჩევნები იქნება. ანუ, ეს უსაფრთხოების საკითხია“, - წერს ზელენსკი.
მისივე თქმით, 24 თებერვალი განსაკუთრებული თარიღია - არ შეიძლება მისი არჩევნების გამოცხადებისთვის გამოყენება
„ეს ძალიან სერიოზული თარიღია - ომის ოთხი წელი. ეს არის უამრავი ადამიანი, ვინც დაიცვა ჩვენი სახელმწიფო და სიცოცხლე გაწირა და სწორედ 24 თებერვლიდან იცავს ჩვენი ხალხი ყოველდღე თავის ქვეყანას. ამიტომ, არ შეიძლება 24 თებერვლის არჩევნების გამოცხადებისთვის გამოყენება - საერთოდ არანაირი არჩევნების.
საქმე ინდივიდებს არ ეხება. 24 თებერვალს არჩევნების გამოცხადება არ შეიძლება. რაც შეეხება არჩევნების გამოცხადებას ზოგადად, გავიმეორებ: ჯერ უსაფრთხოება, შემდეგ პოლიტიკა. შეგვიძლია არჩევნებზე გადავიდეთ, როდესაც ყველა შესაბამისი უსაფრთხოების გარანტია იქნება“, - აცხადებს ზელენსკი.
სახელმწიფოს მეთაურმა, ასევე, კომენტარი გააკეთა იმაზე, დაჟინებით მოითხოვს თუ არა თეთრი სახლი არჩევნების ჩატარებას.
„თქვენ იცით, რომ ამერიკამ არჩევნების საკითხი წამოჭრა, ამიტომ დეტალებში შესვლა არ მინდა. არა, ისინი უსაფრთხოების გარანტიებზე უარის თქმით არ იმუქრებიან. სხვათა შორის, ისინი არჩევნებს უსაფრთხოების გარანტიებთან არ აკავშირებენ“, - ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა.