Loading data...
WSJ: ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტსა და ჩინეთის ლიდერს მომავალ თვეში სამიტის გამართვა შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წამოაყენა წინადადება, რომ მომავალ თვეში ის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი შეხვდნენ ერთმანეთს უკრაინის საკითხზე სასაუბროდ, - ამის შესახებ გამოცემა „The Wall Street Journal“-ი მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემის წყაროს ცნობით, პუტინმა ეს იდეა 9 ოქტომბერს ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს წამოჭრა. ამ საუბრის დროს ასევე მიღწეული იქნა შეთანხმება აშშ-ს მიერ რუსული დიზელის საწვავის შეძენისა და მისი გლობალურ ბაზარზე გაყიდვის ხელშეწყობის შესახებ.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც დაადასტურა, რომ შესაძლო შეხვედრაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ჯერჯერობით არ არსებობს მკაფიო წარმოდგენა თავად შეხვედრის ან მისი სავარაუდო დღის წესრიგის შესახებ, თუმცა სამივე მხარე უშვებს ასეთი შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას“, - განუცხადა მან The Wall Street Journal-ს.

WSJ-ის ცნობით, კრემლი სამმხრივი დიალოგის აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) მოახლოებული სამიტის ფარგლებში გამართვის შეთავაზებით გამოვიდა. სამიტი 18-19 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენჟენშია დაგეგმილი.

როგორც WSJ აღნიშნავს, ჩინეთის ტერიტორიაზე პოტენციური სამმხრივი დიალოგი სი ძინპინისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩინეთის, როგორც გავლენიანი დიპლომატიური შუამავლის როლის გასაძლიერებლად.

„რუსმა ოფიციალურმა პირებმა ეს იდეა პეკინს დიპლომატიური არხებით შესთავაზეს და ჩინურმა მხარემ ნათლად განაცხადა, რომ წინააღმდეგი არ იქნება, თუ ტრამპი ამ იდეას მხარს დაუჭერს“, - აღნიშნულია სტატიაში.

რუსეთის დაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა აღნიშნა, რომ პუტინმა ადრეც შესთავაზა ტრამპსა და სი ძინპინს სამმხრივი სამიტი. თუმცა, ამჯერად, წინადადება მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების დინამიკის ცვლილების ფონზე გაკეთდა.

ამავდროულად, WSJ აღნიშნავს, რომ სამიტი გარკვეულ რისკებს შეიცავს სი ძინპინისთვის. კერძოდ, ჩინეთის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ „მეორადი გეოპოლიტიკური საკითხი“ შეიძლება დაჩრდილოს.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ ტრამპს ასეთ სამიტზე თანხმობა ჯერ არ განუცხადებია, თუმცა შესაძლოა, იდეა მისთვის მისაღები იყოს. ასევე, ასეთმა სამმხრივმა შეხვედრამ, შესაძლოა, ჩინეთის უკრაინაში კონფლიქტში უფრო პირდაპირ ჩართვა გამოიწვიოს, ასევე, ევროპული დედაქალაქების ნეგატიური რეაქცია გამოიწვიოს, რომლებიც ისედაც ფრთხილობენ პეკინის მოსკოვთან დაახლოების მიმართ.