Loading data...
ვოლოდიმირ ზელენსკი: სუმის ოლქის სასაზღვრო რაიონებში უკრაინულ ჯარებს „კარგი შედეგები“ აქვთ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სუმის ოლქის სასაზღვრო რაიონებში უკრაინულ ჯარებს „კარგი შედეგები“ აქვთ.

ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკისგან მიიღო მოხსენება, რომ უკრაინული დანაყოფები სახელმწიფო საზღვრისკენ წინსვლას აგრძელებენ და ამასთან, რუსებს კუპიანსკისა და დონეცკის ოლქებში მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვთ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ქვეყნის უსაფრთხოების ძალებს, რომლებმაც, მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს რუსეთის უდიდეს ნავთობტერმინალს პრიმორსკში.

„დღეს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა ჯარისკაცს, რომლებიც რუსეთს მართლაც მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებენ. ყველაზე ეფექტური სანქციები – სანქციები, რომლებიც ყველაზე სწრაფად მოქმედებს – არის რუსეთის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების, მათი ტერმინალების და ნავთობის საწყობების ცეცხლი“, – განაცხადა მან.

როგორც უკრაინული მედია წერს, სუმის ოლქში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსულ არმიას კონსტანტინოვკასა და ნოვოკონსტანტინოვკას სასაზღვრო სოფლებთან უკან დახევა აიძულეს.