Loading data...
ვოლოდიმირ ზელენსკი: ომი უნდა დასრულდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომი ისე უნდა დასრულდეს, რომ რუსეთი უკრაინაში მესამედ არ შეიჭრას.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა კარგად აცნობიერებს როგორც ომის რეალობას, ასევე, რუსული აგრესიის ბუნებას, ამიტომ მშვიდობის მიღწევის პროცესის დროს მარტივი გადაწყვეტილებები არ იქნება.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ მარტივი გადაწყვეტილებები არ იქნება. ჩვენ გვესმის, რა ხდება და გვესმის, ვისთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

ამავდროულად, ზელენსკის თქმით, ომის დასრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული სამართლიანად და უკრაინის ინტერესების გათვალისწინებით.

„ჩვენ ეს ომი ისე უნდა დავასრულოთ, რომ რუსეთი მესამედ არ შემოიჭრას. მათ ვერ მიაღწიეს ჩვენი სახელმწიფოს ოკუპაციის მიზანს, მაგრამ მათი მიზნები შეიძლება აქტუალური დარჩეს. ჩვენ საიმედო დაცვა გვჭირდება“, - დასძინა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.

გარდა ამისა, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არ დაუშვებს „ზურგს უკან თამაშებს“ და არ დათანხმდება მისი მონაწილეობის გარეშე მიღებულ გადაწყვეტილებებს.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა მიიღოს გადაწყვეტილებები უკრაინელების მომავალთან დაკავშირებით.

„საკითხი გადაწყვეტილებების მიღების სირთულეში არაა. ის, ვისაც შეუძლია მათი მიღება, მათ მიიღებს. მე შემიძლია გადაწყვეტილებების მიღება. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი სამართლიანად და ღიად იყოს, რომ არავითარი თამაში არ იყოს უკრაინის ზურგს უკან, რომ არაფერი არ იქნეს გადაწყვეტილი უკრაინის გარეშე ჩვენზე, ჩვენს მომავალზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების გარანტიებს დაუთმო.

მისი თქმით, უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გარკვეული გარანტიების მიღება ქაღალდზე, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ნათლად გაიგონ, თუ რა გარანტიებს იძლევიან მოკავშირეები და როგორ განხორციელდება ეს.

„ვინაიდან, თუ გესმით, ეს ხომ ვიღაცაზე ექსპერიმენტი არ არის. ეს ხალხია, ჩვენი ცოცხალი ხალხი, რომლებმაც თავისუფლებისთვის ძალიან მაღალი ფასი გადაიხადეს. რუსებმა დაიწყეს ომი, და ამის ფორმულირების არავითარი ალტერნატივები არ არის“, - აღნიშნა  ზელენსკიმ.