უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: რუსეთი გააძლიერებს უკრაინაზე დარტყმებს
რუსეთი გეგმავს Shahed-ის ტიპის დრონების წარმოების გაზრდას, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ lb.ua-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ამგვარად, როდესაც სირსკის ომის წელს დასრულების პერსპექტივებზე ჰკითხეს, მან უპასუხა, რომ ის ვერ ხედავს რუსეთის მიერ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მომზადების ნიშნებს. პირიქით, შესამჩნევია საომარი მოქმედებების ინტენსივობის, შეტევითი ჯგუფების რაოდენობისა და იარაღის წარმოების მოცულობის ზრდა.
მთავარსარდლის თქმით, რუსეთი ამჟამად დღეში დაახლოებით 400 სხვადასხვა ტიპის Shahed დრონს აწარმოებს და წარმოების გაზრდას გეგმავს ისე, რომ ყოველდღიურად ამ დრონების 1000-მდე რაოდენობა იყოს გამოყენებული.
სირსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ ეს გეგმები უნდა ჩაშალოს და მოლაპარაკებებისთვის „პირობები შექმნას“.
„იმიტომ, რომ სუსტებთან არავინ ილაპარაკებს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
მთავარსარდალმა, ასევე, დაადასტურა, რომ რუსეთი კვლავ მნიშვნელოვან დახმარებას იღებს .
„ელექტრონიკასთან დაკავშირებული ყველაფერი ჩინეთიდან მოდის. ტექნოლოგიები ჩინურია. საბრძოლო მასალისა და რაკეტების მიწოდება ჩრდილოეთ კორეიდან ხდება. და, რა თქმა უნდა, ირანიდან. ამიტომ, რუსეთის ეკონომიკის შესაძლებლობები მაღალი რჩება. ჩვენ ვხედავთ, რომ საბრძოლო მასალის წარმოების ტემპი, სამწუხაროდ, არ მცირდება, არამედ მხოლოდ იზრდება“, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.