Loading data...
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი: განადგურებულია რუსული სუ-34-ის ორი თვითმფრინავი

როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, შეიარაღებული და სპეციალური ოპერაციების ძალები იტყობინებიან, მათ ვოლგოგრადის რეგიონში, მარინოვკას აეროდრომზე თავდასხმის შედეგად, რუსული სუ-34-ის ორი თვითმფრინავი გაანადგურეს, ორი კი - დააზიანეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. 

„უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარეს, რის შედეგადაც, მათ მარინოვკას აეროდრომზე რუსული გამანადგურებლის სუ-34-ის ორი მოდელი ჩამოაგდეს, კიდევ ორი კი - დააზიანეს“, - ნათქვამია განცხადებაში. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება, რუსულ გამანადგურებლებზე ისინი შორი მოქმედების დრონების გამოყენებით მუშაობდნენ.

უკრაინის თავდასხმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა რუსეთის აეროდრომის ტექნიკურ და ოპერატიულ ნაწილშიც, რომელიც სამხედრო ობიექტის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას წარმოადგენს. მოგეხსენებათ, რომ რუსეთის ფედერაცია აღნიშნულ ტერიტორიაზე თვითმფრინავებს ფრენებისთვის ამზადებს, ასევე, რუტინულ სარემონტო სამუშაოებს ატარებს.

გენერალური შტაბის თქმით, რუსული სუ-34 მთავარი ტაქტიკური თვითმფრინავია, რომელიც უკრაინის პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე სარაკეტო და ბომბდამშენ დარტყმებს ახორციელებს. 

„რუსეთის საჰაერო ძალებში სუ-34 კლასიფიცირდება როგორც ფრონტის ხაზზე მოიერიშე ბომბდამშენი“, - აღნიშნულია უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში.