Loading data...
თბილისმა მიწების დაბრუნებაზე ოცნებას თავი უნდა დაანებოს - ცხინვალი

თბილისმა უნდა დაანებოს თავისი მიწების დაბრუნებაზე ოცნებას და რეალობის პრაგმატულ აღქმაზე უნდა აეწყოს. ამის შესახებ ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

ცხინვალში კომენტარი გააკეთეს საქართველოს საგარეოს საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლაზე ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების 32-ე შეხვედრაზე, რომელიც ვენაში გაიმართა.

„ბოჭორიშვილი კვლავ იყენებს ტერმინს „ოკუპაცია“, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“ და სხვა ტერმინოლოგიას, რაც რეალობას არის მოწყვეტილი. მან სავარაუდოდ, არ იცის ჰაიდი ტალიავინის საერთაშორისო კომისიის დასკვნის შესახებ, რომელშიც ჩაიწერა, რომ საქართველო არის აგრესორი სამხრეთ ოსეთთან მიმართებით 2008 წლის აგვისტოში“, - აცხადებენ ცხინვალში.

ცხინვალში აცხადებენ, რომ თბილისი კვლავ ორმაგ სტანდარტებს იყენებს, რაც ძალზე საშიშია. დე ფაქტო საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ თბილისი არსებულ პოლიტიკურ status quo-ს არ აღიარებს, რაც სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფას ხელს არ უწყობს.