სოხუმში საქმე აღძრეს საფრანგეთში ე.წ. აფხაზური პასპორტის დაწვის ფაქტზე
სოხუმის ე.წ. უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა „აფხაზეთის პასპორტისა და გერბის შეურაცხყოფის“ ფაქტზე. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ერთ-ერთ ტელეგრამ-არხზე გავრცელდა ვიდეო, რომელზეც აფხაზეთში 2008 წელს დაბადებული ახრა ხასაია არის გადაღებული.
„ვიდეოზე ხასაია შეგნებულად და დემონსტრაციულად ცეცხლს უკიდებს აფხაზეთის პასპორტს და ასევე შეურაცხყოფს რესპუბლიკის გერბს“, - წერია ამ ინფორმაციაში.
ახრა ხასაიამ ეს ვიდეო ტიკ-ტოკზე გამოაქვეყნა და თავისი საქციელი იმით ახსნა, რომ მასზე დიდი ზეწოლა ხორციელდება.
სოხუმის ე.წ. უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ხასაიას დედასთან, მაყვალა ბჟალავასთან „პროფილაქტიკური საუბარი “უკვე გამართეს.
ე.წ. სპეცსამსახურების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე ქალი ამბობს, რომ მისი შვილი ქართული პასპორტით პარიზში წავიდა და მათ ურთიერთობა აღარ აქვთ. მაყვალა ბჟალავა ამბობს, რომ მისი შვილი ყოველთვის პრობლემური ბავშვი იყო, ხოლო ასაკის მატებასთან ერთად მისი მდგომარეობა გაუარესდა. ამიტომ დედამ შვილი საქართველოში, ნათესავებთან გაუშვა, საიდანაც ის საზღვარგარეთ წავიდა.