სოხუმში დენის მრიცხველების დამონტაჟება გრძელდება
სოხუმში დენის მრიცხველების დამონტაჟების პროცესი მიმდინარეობს.. სოხუმის დე ფაქტო მთავრობის ცნობით, მრიცხველები აბონენტთა 95%-ს უკვე დაუმონტაჟდა. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.
საერთო ჯამში მრავალსართულიან კორპუსებში 11 051 მრიცხველი, ხოლო კერძო სახლებში - 2 544 მრიცხველი დამონტაჟდა.
ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის ფარგლებში ძველი სადენები და იზოლაციის არმქონე კაბელები თანამედროვე სადენებით გამოიცვალა. ამან უკანონო მიერთებების ალბათობა შეამცირა, რამაც ტექნიკური და ეკონომიკური დანაკარგები მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს.
მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მრიცხველების დამონტაჟების პროცესის პარალელურად, ერთფაზიანი მრიცხველები იურიდიულ პირებსა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებსაც დაუმონტაჟდებათ.
ასევე პროექტის ფარგლებში აბონენტებისთვის ძველი დავალიანების რესტრუქტურიზაცია იგეგმება. ისინი დავალიანების დაფარვას ეტაპობრივად შეძლებენ, ხოლო სადავო საკითხების გაჩენის შემთხვევაში შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ.