Loading data...
სოხუმის აეროპორტი მუშაობას დროებით წყვეტს

ოკუპირებული აფხაზეთის სოხუმის აეროპორტი, რომელიც 30 წლის პაუზის შემდეგ 2025 წლის მაისში გაიხსნა, მუშაობას დროებით შეწყვეტს. 25 ოქტომბრიდან აქ რეგულარული რეისები შეჩერდება. ინფორმაციას jam-news.net ავრცელებს.

აეროპორტის მუშაობის შეჩერება საკურორტო სეზონის დასრულებას და მგზავრთა ნაკადის შემცირებას უკავშირდება. სოხუმში ფრენა არარენტაბელური გახდა.

აეროპორტის მუშაობაში პაუზა, შესაძლოა, 2026 წლის მაისამდე გაგრძელდეს. არსებობს იმის ალბათობა, რომ რამდენიმე კვირით სოხუმში ფრენები საახალწლო ზეიმების დროს აღდგეს.

სოხუმის აეროპორტში მისი გახსნის შემდეგ ავიარეისები მხოლოდ რუსეთის ქალაქებიდან სრულდებოდა. სხვა ქვეყნებთან აეროპორტს საჰაერო მიმოსვლა არ აკავშირებს. აეროპორტს საერთაშორისო ლიცენზია არ გააჩნია და საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, მისი ექსპლოატაცია უკანონოა.

სოხუმის აეროპორტის აღდგენის დღიდან სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ 2025 წლის ბოლოსთვის მგზავრთნაკადი 1 მლნ ადამიანს გადასცდება, რეალურად კი აეროპორტით 110 ათასმა ადამიანმა ისარგებლა.

სოხუმის დე ფაქტო მთავრობა ახლა ცდილობს მოსკოვთან შეთანხმებას მიაღწიოს, რომ რუსეთის ბიუჯეტიდან დოტაციების გზით კვირაში 1-2 რეისის შენარჩუნება მაინც მოხდეს.