საქართველო რუსეთისგან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევას მოითხოვს - სოხუმის ე.წ. საგარეო უწყება
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია დღეს არსებულ ვითარებას ობიექტურად ასახავს. თბილისი მოსკოვისგან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევას მოითხოვს, რაც დიალოგს კონსტრუქციულ საფუძველს აცლის“. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოდისეი ბიგვავამ განაცხადა. ინფორმაციას Apsadgil.info ავრცელებს.
„რუსეთის მიერ 2008 წელს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება იყო სამართლებრივი და პოლიტიკური აქტი, რომელიც ისტორიულ კონტექსტს და აფხაზი ხალხის ნებას ითვალისწინებდა. რესპუბლიკის სტატუსის შესახებ საკითხი განხილვას არ ექვემდებარება“, - განაცხადა ბიგვავამ.
მისი თქმით, სიტუაციის ნორმალიზებას საქართველოს პოლიტიკა აფერხებს, რომელიც აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციისკენ არის მიმართული. ბიგვავას თქმით, სოხუმი სტაბილურობის მომხრეა და პრაგმატულ დიალოგს მხარს უჭერს. ეს დიალოგი კი მხოლოდ „არსებული პოლიტიკურ-სამართლებრივი რეალობების გათვალისწინების შემთხვევაშია შესაძლებელი“.