„რუსეთი ძალებს აგროვებს ფრონტზე“ - DeepState-ის ცნობით, რუსული ძალები გაზაფხულის შეტევისთვის ემზადებიან
ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის ჯარებმა გააძლიერეს შეტევითი ოპერაციები ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე. განსაკუთრებით შესამჩნევია შეტევების ზრდა ზაპოროჟიეს მიმართულებით, სადაც ზოგიერთ ადგილას შეტევების ინტენსივობამ გადააჭარბა ფრონტის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული მონაკვეთის - პოკროვსკის ოლქის მაჩვენებლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine DeepState-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ანალიტიკოსების შეფასებით, მარტის პირველი ათი დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ფრონტის ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე დაახლოებით 1 400 თავდასხმა განახორციელეს. ეს მაჩვენებელი ბოლო დროს ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებლად მიიჩნევა, თუმცა წინა თვეების საშუალო მაჩვენებლისგან მხოლოდ ოდნავ განსხვავდება.
სექტემბრიდან თებერვლამდე რუსულმა დანაყოფებმა თვეში საშუალოდ დაახლოებით 1 800 თავდასხმა განახორციელეს, რაც საბრძოლო მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გაგრძელებაზე მიუთითებს.
როგორც ანალიტიკოსები წერენ, ყველაზე სასტიკი ბრძოლები, როგორც ადრე, პოკროვსკის რაიონში ფიქსირდება.
ამავდროულად, გულიაიპოლესთან რუსული დანაყოფების აქტივობა შესამჩნევად გაიზარდა. ანალიტიკოსების თქმით, ამ ტერიტორიაზე თავდასხმების რაოდენობამ უკვე გადააჭარბა პოკროვსკის მიმართულებით ბრძოლების ინტენსივობას.
გაზრდილი აქტივობა ფიქსირდება კონსტანტინოვკის მიმართულებითაც. ანალიტიკოსების თქმით, რუსული დანაყოფები სისტემატურად ამოწმებენ ქალაქის გარშემო თავდაცვით ნაგებობებს, ცდილობენ გარკვეულ პოზიციებზე ფეხის მოკიდებას და შემდგომი ბრძოლებისთვის პირობების მომზადებას.
გარდა ამისა, სლავიანსკის რაიონში თავდასხმების რაოდენობის ზრდა შეინიშნება. ექსპერტები ამას სივერსკის მახლობლად რუსული ძალების წინსვლას და იქ ქვეითი ქვედანაყოფების გაძლიერებას მიაწერენ.
DeepState-ის ცნობით, რუსული სარდლობა, ასევე, ახორციელებს ძალების გადაჯგუფებას და რეზერვების შევსებას. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ასეთი ქმედებები, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ამინდის პირობების შეცვლასთან, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ფრონტზე საბრძოლო ოპერაციების ტაქტიკაზე.