Loading data...
რუსეთი და უკრაინა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურთან ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

„რუსეთი და უკრაინა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შუამავლობით ზაპოროჟიეს ელექტროსადგურთან ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ“, - ამის შესახებ ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი ავრცელებს.

მან მადლობა გადაუხადა ორივე მხარეს მიღწეული შეთანხმებისთვის და „სიჩუმის ფანჯრის“ უზრუნველყოფისთვის, რაც საჭიროა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისა და ზაპოროჟიეს თბოელექტროსადგურის გამანაწილებელ ქვესადგურებს შორის ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად.

როგორც გროსი აცხადებს, სარემონტო სამუშაოები რამდენიმე დღე გაგრძელდება.

ცნობისთვის, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კონტროლისა და მართვის საკითხი ამ დრომდე იმ სადავო თემებს შორისაა, რომელიც უკრაინაში ომის დასრულების გეგმის ფარგლებში განიხილება.