ოკუპირებულ აფხაზეთში გაიფიცნენ სამშენებლო კომპანიების თანამშრომლები, რომლებიც სოხუმის აეროპორტში სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდნენ

ოკუპირებულ აფხაზეთში სამშენებლო კომპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ, რომლებიც სოხუმის აეროპორტის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობენ. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
როგორც გამოცემა „აიაშარა“ წერს, 15 მაისს სამშენებლო კომპანიის არც ერთი თანამშრომელი სამსახურში არ მივიდა, მათ უკვე რამდენიმე თვეა ხელფასს არ უხდიან.
თანამშრომლებს ხელფასს იმის გამო არ უხდიან, რომ სოხუმის აეროპორტის მფლობელი ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მათ ფულს არ ურიცხავს.
ამავე წყაროს ცნობით, რამდენიმე დღის წინ ელექტროენერგიის არასტაბილური მიწოდების გამო სადისპეტჩერო სამსახურის ენერგომომარაგება შეწყდა. იქ იმყოფებიან სპეციალისტები, რომლებიც ფრენის მართვაზე და მის უსაფრთხოებაზე არიან პასუხისმგებლები. ასევე გაითიშა სასიგნალო და განათების მოწყობილობათა სისტემა, რომელიც ასაფრენ ბილიკებზე გამოიყენება.
მეორე დღეს პრობლემა მოგვარდა, მაგრამ ეს პრობლემის მხოლოდ დროებითი მოგვარებაა, რადგანაც ხარვეზის სრული აღმოფხვრისთვის მაღალი ხარისხის მოწყობილობებია აუცილებელი.
„აიაშარა“ წერს, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენას ოკუპირებული აფხაზეთის დღევანდელი დე ფაქტო ლიდერი ბადრა გუნბა კურირებდა, როდესაც ის ჯერ კიდე ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი იყო.
„ის სულ ამ პროექტის წარმატებაზე საუბრობდა და სატესტო ფრენა საარჩევნო მიზნებში გამოიყენა. ამასთანავე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველა ავიაკომპანიამ, რომელსაც სოხუმის აეროპორტში რუსეთიდან ფრენა უნდა დაეწყო, ტექნიკური პრობლემების და სხვა მიზეზების გამო ამაზე უარი განაცხადა“, - წერს „აიაშარა“.
გამოცემა წერს, რომ ბადრა გუნბამ საფრთხეში ჩააგდო ადამიანები, რომლებიც სოხუმში დაფრინავდნენ.