ოკუპანტები ჩრდილოეთ კორეის სამხედროებისგან სპეციალურ ბატალიონს ქმნიან - მედია
საოკუპაციო არმიას მალე ეყოლება „სპეციალური ბურიატის ბატალიონი“, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებით დაკომპლექტდება.
როგორც LIGA.net სამხედრო დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ჩრდილოეთ კორეელები რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო არმიის მე-11 ცალკეული სადესანტო-შტურმული ბრიგადის შემადგენლობაშიც იქნებიან.
გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, ამ ბატალიონში პერსონალის სავარაუდო რაოდენობა დაახლოებით 3 000 ადამიანია. ახლა სამხედროებს ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით უზრუნველყოფენ.
დაზვერვის თანამშრომლების თქმით, ეს სპეციალური ბატალიონი შესაძლოა ჩართული იყოს საბრძოლო მისიებში სუჯასა და კურსკის მახლობლად, სადაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუსებს შორის ბრძოლები მიმდინარეობს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა კიმ იონგ ჰიუნმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა უკრაინაში თავისი სამხედროები გაგზავნოს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა, ფაქტობრივად, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს შეუერთდა.
„ვინც რუსეთს დაეხმარება, ჩვენი პასუხი იმდენად მკაცრი იქნება, რამდენადაც ეს უკრაინის დასაცავად არის საჭირო. ჩვენც შესაბამისად ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა რუსეთის განზრახვები არ გამართლდეს. ეს შესაძლებელია. ზუსტად ასეც იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.