ზელენსკი: ჩრდილოეთ კორეა, ფაქტობრივად, ომს შეუერთდა
ჩრდილოეთ კორეა, ფაქტობრივად, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს შეუერთდა. ზოგიერთი სხვა ქვეყანაც ინვესტიციას ახორციელებს ომის გახანგრძლივებაში. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, დღეს გაიმართა შტაბის სხდომა, სადაც იყო მნიშვნელოვანი მოხსენებები, კერძოდ, საგარეო დაზვერვის სამსახურისა და დაზვერვის მთავარი დირექტორატისგან შემოდგომასა და ზამთარში რუსების განზრახვებთან დაკავშირებით.
„ყველაფერი საკმაოდ დეტალურია. ფაქტობრივად, ჩრდილოეთ კორეა ომშია ჩართული. ასევე, რუსეთის ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, რომლებიც, სამწუხაროდ, ინვესტიციას ახორციელებენ ომის გახანგრძლივებაში. აგრეთვე, საგარეო პოლიტიკური მიმართულება: ჩვენი ურთიერთობა პარტნიორებთან და სავარაუდო ნაბიჯები, რომლებიც დაგვეხმარება თავის დაცვაში და, ყველაფრის მიუხედავად, შედეგის მიღწევაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველა ჩართულ სპეციალისტს „სრული სურათისთვის“. ამასთან, მან დაამატა, რომ მითითებები მისცა უკრაინის თავდაცვის ძალებს, უსაფრთხოების ძალებს, მთავრობასა და დიპლომატებს.
„ვინც რუსეთს დაეხმარება, ჩვენი პასუხი იმდენად მკაცრი იქნება, რამდენადაც ეს უკრაინის დასაცავად არის საჭირო. ჩვენც შესაბამისად ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა რუსეთის განზრახვები არ გამართლდეს. ეს შესაძლებელია. ზუსტად ასეც იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ინფორმაციისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების რატიფიკაციის შესახებ. შეთანხმებას ხელი ივნისში რუსეთის დიქტატორის ფხენიანში ვიზიტის დროს მოეწერა.
შეგახსენებთ, რომ წინა დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ჩრდილოეთ კორეამ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის ჯარი გაგზავნოს. სამხედრო ექსპერტ ვალერი რიაბიხის თქმით, თუ ჩრდილოეთ კორეა ნამდვილად გაგზავნის თავის ჯარს უკრაინაში, ეს კიევისთვის „სერიოზული საფრთხე“ იქნება.
სამხედრო ვეტერან ევგენი დიკის თქმით, ჩრდილოეთ კორეის ჯარების უკრაინაში გაგზავნა ნიშნავს, რომ ეს ომი მსოფლიო ომში გადაიზრდება. მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეის ქვეითების უკრაინაში გაგზავნა ნიშნავს ამ ქვეყნის უშუალო მონაწილეობას ომში.