„მოლაპარაკებები არ მუშაობს“ - ზელენსკიმ პუტინის შეჩერების ერთადერთი გზა დაასახელა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებებით შეჩერება არ მუშაობს - ზეწოლაა საჭირო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას არასდროს სურდა ომი.
„უკრაინას არასდროს სურდა ომი, ჩვენ დავთანხმდით უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, ვეძებდით მშვიდობის შესაძლებლობებს და არაერთხელ შევთავაზეთ მსოფლიოს გზები, რათა შეეჩერებინათ დარტყმები ცაში, ხმელეთსა და ზღვაში. თუმცა, სწორედ რუსეთია ის, ვინც მუდმივად უშლის ხელს ამ პროცესს – მანიპულირებს, აჭიანურებს მოლაპარაკებებს, ატერორებს ჩვენს ხალხს საჰაერო დარტყმებით და აძლიერებს თავდასხმებს ფრონტის ხაზზე“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
სახელმწიფოს მეთაურმა დასძინა, რომ ომი მხოლოდ იმიტომ გრძელდება, რომ მოსკოვს მისი დასრულება არ სურს და თითქმის ყოველდღე რუსები ასობით თავდასხმას ახორციელებენ უკრაინის კრიტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.