ISW: რუსეთი, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე პოკროვსკის აღებას და მირნოგრადის ალყაში მოქცევას შეძლებს
რუსეთი, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე საბოლოოდ შეძლებს პოკროვსკის აღებას და მირნოგრადის ალყაში მოქცევას, - ამის შესახებ ISW-ის ანალიტიკოსებმა ჯესიკა სობიესკიმ და ჯენი ოლმსტედმა განაცხადეს.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პოკროვსკის დაკარგვა დონეცკის რეგიონში უკრაინის თავდაცვისთვის დაუყოვნებლივ კოლაფსს არ გამოიწვევს. ამის მიზეზებია - უკრაინაში ძლიერი საველე გამაგრების და რთული რელიეფის არსებობა.
თუმცა, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, პოკროვსკის დაცემა რუსეთის ფედერაციას საშუალებას მისცემს, გაათავისუფლოს მნიშვნელოვანი საბრძოლო რესურსები. რადგან მოწინააღმდეგეს შეუძლია ფრონტის სხვა მონაკვეთებზე გადაიყვანოს მინიმუმ ორი კომბინირებული შეიარაღების არმიის ქვედანაყოფები, რომლებიც ამჟამად ამ ტერიტორიაზე იბრძვიან. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციას შეუძლია წლის ბოლომდე დარჩენილი დრო გამოიყენოს 2026 წელს კოსტიანტინოვკასა და გულიაიპოლესთვის პოზიციური ბრძოლებისთვის მოსამზადებელი პირობების შესაქმნელად.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსებმა კოსტიანტინოვკაში შეღწევა მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყეს.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა მოახერხეს მცირე წინსვლის მიღწევა და კოსტიანტინოვკას აღმოსავლეთ რაიონებში შეზღუდული შეღწევა, ერთ-ერთი ყველაზე გამაგრებული ქალაქის აღების მცდელობას მნიშვნელოვანი რესურსები დასჭირდება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუს ჯარებს შეეძლოთ მთელი დონეცკის ოლქის აღება 2027-2028 წლამდე, იმ პირობით, რომ უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერა გაგრძელდება“, - აღნიშნავენ ანალიტიკოსები.
ისინი, ასევე, აღნიშნავენ, რომ რუსეთის ფედერაცია ეცდება წარმატების მიღწევას ზაპოროჟიეს ოლქის გულიაიპოლეში. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ქალაქის წლის ბოლომდე აღება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა რუსეთმა, შესაძლოა, შექმნას პირობები დასახლების ალყაში მოსაქცევად და იქ საბრძოლო მოქმედებების დასაწყებად 2026 წელს.