Loading data...
ისრაელის ძალებმა ღაზაში 30 საცხოვრებელი შენობა გაანადგურეს და ათასობით ადამიანი აიძულეს, სახლებიდან გაქცეულიყვნენ

პალესტინელი ოფიციალური პირების განცხადებით, ისრაელის ძალებმა ქალაქ ღაზაში, მინიმუმ, 30 საცხოვრებელი შენობა გაანადგურეს და ათასობით ადამიანი აიძულეს, სახლებიდან გაქცეულიყვნენ.

Reuters-ის ცნობით, ისრაელი ქვეყანაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ვიზიტის ფონზე, ღაზას დაბომბვას აძლიერებს. მარკო რუბიოს თქმით, მისი მიზანია „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი 48 ისრაელელის გათავისუფლებას ხელი შეუწყოს, რომელთაგან, სავარაუდოდ, 20 დადასტურებულად ცოცხალია.

ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, მათ მიზანს ქალაქ ღაზაზე სრული კონტროლის მოპოვება და დაჯგუფება „ჰამასის“ განადგურება წარმოადგენს, მაშინ, როდესაც ქალაქის მოსახლეობა მილიონ ადამიანს აღემატება.

როგორც საერთაშორისო მედია წერს, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. პალესტინური წყაროების ინფორმაციით, ღაზაში ბოლო 24 საათის განმავლობაში არასრულფასოვანი კვებისა და შიმშილისგან კიდევ ორი პალესტინელი გარდაიცვალა, რითაც საკვების უკმარისობით გამოწვეული სიკვდილიანობა მინიმუმ 422 ადამიანამდე გაიზარდა, მათ შორის 145 ბავშვია.