Loading data...
ისრაელი ღაზას სექტორში თავდასხმას აძლიერებს, დაღუპულია 69 ადამიანი - BBC

ღაზას სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად, სულ მცირე, 69 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

„ჰამასის“ მიერ მართული სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთმა საჰაერო დარტყმამ ღაზას ქალაქში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის თავშესაფრად ქცეულ სკოლაზე, 15 პირი იმსხვერპლა. 

ისრაელის სამხედრო ძალების თქმით, სამიზნე „ჰამასის“ მთავარი სამეთაურო პუნქტი იყო. 

პარალელურად, სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს განცხადებით, 38 ადამიანი დაიღუპა ჰუმანიტარული დახმარების რიგში დგომისას ან დახმარების ასაღებად მიმავალ გზაზე. ისრაელის მხარის თქმით, მსგავსი ცნობები „ტყუილია და სიმართლეს არ შეესაბამება“. 

შეგახსენებთ, რომ თავდასხმა ისრაელსა და „ჰამასზე“ მიმდინარე ზეწოლის პარალელურად გრძელდება, რათა მათ ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების ახალ შეთანხმებას მოაწერონ ხელი. მოლაპარაკების გამართვის ინიციატორი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია. მისი განცხადებით, ისრაელი დათანხმდა „აუცილებელ პირობებს“ 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის დასასრულებლად, თუმცა როგორც ჩანს, დაბრკოლებები ჯერ კიდევ არსებობს, რაც შეთანხმების მიღწევას ხელს უშლის. 

ამასობაში, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაჟინებით მოითხოვა, რომ პალესტინის შეიარაღებული დაჯგუფება განადგურდეს. 

3 ივლისს ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, მათი თვითმფრინავები ბოლო 24 საათის განმავლობაში, 150 „ტერორისტულ სამიზნეს“ ბომბავდნენ, მათ შორის, სამხედრო ობიექტებსა და გვირაბებს. 

„ჰამასის“ მიერ მართული ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სწორედ ამ პერიოდში, 118 პირი დაიღუპა.