Loading data...
ისააკ ჰერცოგი: მიღწეული შეთანხმების თანახმად, „ჰამასს“ სრული ვალდებულება აქვს, ყველა მძევალი ისრაელში დააბრუნოს

„მიღწეული შეთანხმების თანახმად, „ჰამასს“ სრული ვალდებულება აქვს, ყველა მძევალი ისრაელში დააბრუნოს“, - აცხადებს ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი.

მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისთვის გაწეული ძალისხმევისთვის.

„ორი წლის წინ, 7 ოქტომბერს ისრაელზე სასტიკი თავდასხმა განხორციელდა, ბარბაროსული ტერორისტული ორგანიზაცია სასტიკად დაესხა თავს ისრაელს და მძევლად აიყვანეს მოქალაქეები. ჩვენი ვაჟები და ქალიშვილები დაწვეს, გააუპატიურეს, დაუნდობლად მოკლეს. ასობით ისრაელელი მშვიდობიანად ცხოვრობდა ღაზას სექტორთან მშვიდობიან საზღვარზე. ახლა მოუთმენლად ველით, ხვალ ჩვენი მძევლების სახლში დაბრუნებას. უახლესი ამბავი ის არის, რომ ყველა მძევალი აღარ არის ცოცხალი და მიღწეული შეთანხმების თანახმად, „ჰამასს“ სრული ვალდებულება აქვს, ყველა მათგანი ისრაელში ჩამოიყვანოს. ჩვენ ამ საკითხს ზედმიწევნით გავაგრძელებთ.

მოუთმენლად და სიხარულით ველოდებით პრეზიდენტ ტრამპთან ხვალ შეხვედრას. პრეზიდენტ ტრამპს ისრაელის ერი მიიღებს. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ მისი გამბედაობით, ლიდერობით, გამძლეობით, ჩვენი მძევლების სახლში დაბრუნებისა და ახლო აღმოსავლეთში რეალობის უკეთესი მიმართულებით შეცვლისადმი მისი ერთგულებით“, - აღნიშნა ისააკ ჰერცოგმა.