Loading data...
„ჰეზბოლამ“ ისრაელს დრონებით შეუტია - ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავდა 7 ადამიანი

ლიბანიდან „ჰეზბოლას“ უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული შეტევის შედეგად, ისრაელის ჩრდილოეთ რაიონში მდებარე ქალაქ ნაჰარიაში 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთის მდგომარეობა, კრიტიკულია. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს ისრაელის სამედიცინო დახმარების სამსახურ მაგენ დავიდ ადომზე დაყრდნობით.

არსებული ცნობით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაშავებული დაახლოებით 40 წლის კაცია, რომელსაც ავტომობილის მართვისას დრონის ნამსხვრევები მოხვდა და გზიდან გადავარდა. 

„შემთხვევის ადგილიდან ასობით მეტრის მოშორებით, ავტოსადგომზე 30 წლის ქალს ნამსხვრევებმა დაზიანება მიაყენეს, დანარჩენი ხუთი პირი კი მახლობლად მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავდა“, - წერს გამოცემა. 

როგორც The Times of Israel წერს, „ჰეზბოლამ“ მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო და განაცხადა, რომ დრონები სამხედრო ბაზებისკენ ჰქონდათ მიმართული. 

შეგახსენებთ, რეგიონში ვითარება მას შემდეგ დამძიმდა, რაც თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკურ ლიდერ ისმაილ ჰანიეზე თავდასხმა განხორციელდა. ისრაელს მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია, თუმცა, „ჰამასი“ სწორედ მას ადანაშაულებს ჰანიეს ლიკვიდაციაში. ისრაელის მაღალი თანამდებობის პირების ინფორმაციით, მომხდარის გამო, ირანი შეტევას ამზადებს.