Loading data...
„ჰამასი“ აძლიერებს ძალისხმევას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შესახებ - BBC

„ჰამასის“ წარმომადგენლის განცხადებით, ღაზას სექტორში შუამავლები აძლიერებენ ძალისხმევას ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ ახალი შეთანხმების მისაღწევად, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელთან მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. ინფორმაციაზე BBC წერს. 

თემაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება გავრცელდა ისრაელ-ირანის 12-დღიანი კონფლიქტის დასრულების შესახებ. როგორც მედია იუწყება, ტრამპმა საკითხს „დიდი პროგრესი“ უწოდა და მისი წარმომადგენლის სტივ ვიტკოფის თქმით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების მიღწევაც „ძალიან ახლოსაა“. 

შეგახსენებთ, რომ 25 ივნისს ღაზაში ისრაელის იერიშების შედეგად, სულ მცირე, 45 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის ისეთი პირები, ვინც დახმარებას ითხოვდნენ. პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, 24 ივნისს „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ შეტევას შვიდი ჯარისკაცის დაღუპვა მოყვა. 

მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპის თქმით, ღაზაში საკითხის განხილვა დაძრულია. „ვფიქრობ, ძალიან კარგი ამბები გველის წინ. სტივ ვიტკოფს ვესაუბრებოდი... [და] მან მითხრა, რომ ღაზა ძალიან ახლოსაა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის ნათქვამიდან მალევე, „ჰამასის“ წარმომადგენლებმა BBC-ს განუცხადეს, რომ შუამავლები „ინტენსიურ კომუნიკაციას აწარმოებენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად“.