Loading data...
„გამოგვიყვანეთ აქედან, ან ყველაფერი მოგვაწოდეთ, რაც გვჭირდება“ - Bild უკრაინელი ჯარისკაცების მიმართავს ავრცელებს

დონეცკის ოლქში, მირნოგრადში მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც ქალაქის დაცვას აგრძელებენ, შესაძლოა, მთლიანად ალყაში აღმოჩნდნენ.

Bild-ის ანალიტიკოსის, იულიან რიოპკეს თქმით, მებრძოლები დასახლებიდან გაყვანას ან სტაბილური ლოგისტიკური უზრუნველყოფის შექმნას ითხოვენ.

გამოცემის ცნობით, ამ დასახლებაში ხუთი უკრაინული ბრიგადის მებრძოლების მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც რუსებმა მეზობელი ქალაქი პოკროვსკი დაიკავეს.

„სიტუაცია, სიმართლე გითხრათ, კრიტიკულია. ლოგისტიკა ხორციელდება მხოლოდ დრონებისა და სახმელეთო რობოტული კომპლექსების მეშვეობით. საკვების მიწოდებაც კი რთულია“, - განუცხადა ჟურნალისტს ერთ-ერთმა სამხედრო მოსამსახურემ, რომელმაც ვინაობის დასახელება არა ისურვა.

მისი თქმით, DeepState-ის ანალიტიკოსებმა სიტუაცია რეალისტურად წარმოადგინეს. რუსეთმა თითქმის მთლიანად გადაკეტა მირნოგრადში უკრაინელი სამხედროებისთვის სახმელეთო მიწოდების გზები.

„ფაქტია: დგება „ქვაბის“ (გარშემორტყმის) საშიშროება, საიდანაც, შესაძლოა, სულ რამდენიმე დღეში გამოსავალი აღარ იყოს“, - ნათქვამია სტატიაში.

ჯარისკაცმა, რომელიც აცხადებს, რომ მირნოგრადში და მის გარშემო მყოფი 1 000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის სახელით საუბრობს, Bild-ს განუცხადა:

„რეგიონში ბევრი დანაყოფია განლაგებული. კარგი იქნებოდა, თუ ერთ-ერთი მათგანი, სასურველია მთელი ბრიგადა, მომარაგების ამ წყეულ მარშრუტს გააკონტროლებს“.

თავისი სიტყვების დასადასტურებლად, უკრაინელმა სამხედრომ BILD-ს ექსკლუზიური კადრები მიაწოდა, სადაც, სავარაუდოდ, რუსი ჯარისკაცები მირნოგრადსა და პოკროვსკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს შორის თითქმის ყველა შენობაში არიან.

მისი თქმით, მირნოგრადის უკრაინელ დამცველებს მხოლოდ რუსული წინსვლის ყურება შეუძლიათ - რესურსების ნაკლებობის გამო, მათ აღარ შეუძლიათ მოწინააღმდეგის შეკავება.

მიმართვის დასასრულს, უკრაინელმა ჯარისკაცმა, რომლის ვინაობაც Bild-მა დაადასტურა, გამოცემას სთხოვა თავისი სიტყვები უკრაინელი საზოგადოებისთვის გადაეცა.

„ან მირნოგრადიდან კონტინგენტი უნდა გამოვიყვანოთ, ან სტაბილური ლოგისტიკა უზრუნველვყოთ. აქედან გამოგვიყვანეთ, ან ყველაფერი მოგვაწოდეთ, რაც გვჭირდება! წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალაქის დამცველები სამუდამოდ იქ დარჩებიან...“, - განაცხადა მან.