FT: რუსეთს პოკროვსკი ალყაში არ მოუქცევია, მაგრამ საფრთხე რეალურია
რუსულმა ძალებმა გააძლიერეს შეტევა აღმოსავლეთ უკრაინაში და ძალისხმევა დონეცკის ოლქის სტრატეგიულ ქალაქ პოკროვსკზე გაამახვილეს. რამდენიმეთვიანი ნელი წინსვლის შემდეგ, რუსული დანაყოფები ქალაქის ნაწილში შევიდნენ, ხოლო უკრაინული ძალები სასტიკად იბრძვიან ქალაქის გარეუბნებსა და შიგნით, - იტყობინება Financial Times.
რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა განაცხადა, რომ დაახლოებით 5 500 უკრაინელი ჯარისკაცი, სავარაუდოდ, პოკროვსკის მახლობლად „სრულად ალყაში იყო მოქცეული“. თუმცა, კიევი კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებებს.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვის ანგარიშს „სრული ტყუილი“ უწოდა და აღიარა, რომ პოკროვსკის რეგიონში არსებული ვითარება „ძალიან რთულია“.
„ქალაქის მისადგომებთან ბრძოლები გრძელდება, შიგნით დივერსიული ჯგუფები მოქმედებენ, ლოჯისტიკა კი გართულებულია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ ქალაქში ბრძოლები მიმდინარეობს, დაახლოებით 200 რუსი სამხედრო მოსამსახურე შევიდა.
სამხედრო ანალიტიკოსმა კონსტანტინ მაშოვეცმა, თავის კომენტარში აღნიშნა, რომ ჯერ არ არსებობს საფუძველი უკრაინული დანაყოფების სრულ ალყაში მოქცევაზე სასაუბროდ. ამავდროულად, ის აცხადებს: „თუმცა, საფრთხე საკმაოდ რეალურია“.
მისი თქმით, 3-5 კაციანი რუსული ქვეითი ჯგუფები აქტიურად მოძრაობენ ქალაქის სამხრეთ ნაწილში, ქმნიან ქაოსს თავდაცვაში.
როგორც გამოცემა წერს, პოკროვსკის გარდა, რუსული ძალები ლიმანისა და კოსტიანტინივკას გარეუბნებში მიიწევენ წინ, რომლებიც პოკროვსკთან ერთად დონეცკის რეგიონში მდებარეობს.
უკრაინული სადამკვირვებლო ჯგუფ Deep State-ის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა შეძლეს პოკროვსკის ჩრდილოეთით სამი სოფლის დაბრუნება, რომლებიც აგვისტოში რუსეთის უეცარი შეტევის შედეგად დაიკარგა.
მედია წერს, რომ ფრონტზე სიტუაციას ორივე მხარის მიერ დრონების ინტენსიური გამოყენება ართულებს. კამიკაძე დრონები აქტიურად გამოიყენება ფრონტის ხაზიდან 20 კმ-მდე მანძილზე სატრანსპორტო და მომარაგების საწყობების გასანადგურებლად.
უკრაინის სამხედრო წარმომადგენლები იუწყებიან, რომ დრონებისა და არტილერიის მუდმივი თავდასხმები დაჭრილების ევაკუაციას და საბრძოლო მასალის მიწოდებას ართულებს.
„რუსული ქვეითი ჯარი მუდმივად გვერდს უვლის ჩვენს პოზიციებს, სროლა არ წყდება, ევაკუაცია თითქმის შეუძლებელია“, - განაცხადა უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ სტანისლავ ბუნიატოვმა.
ანალიტიკოსები, ასევე, მიუთითებენ უკრაინის ფრონტის ხაზზე მყოფ ბრიგადებში პერსონალის დეფიციტზე, რაც რუსულ ძალებს საშუალებას აძლევს, თავდაცვაში სუსტი წერტილები იპოვონ.
მიუხედავად გარკვეული ტაქტიკური წარმატებებისა, რუსეთმა დიდი ფასი გადაიხადა. ბრიტანეთის MI6 სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის, რიჩარდ მურის შეფასებით, მოსკოვმა, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, შესაძლოა, 1 მილიონამდე ჯარისკაცი დაკარგა, რომელთაგან დაახლოებით 250 000 დაიღუპა.
პოკროვსკი აღმოსავლეთში უკრაინის თავდაცვის ერთ-ერთ მთავარ კვანძად რჩება.