Loading data...
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გამოსცეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთში ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გამოსცეს. დე ფაქტო განათლების მინისტრის თქმით, ის ამ საგანში არსებულ ხარვეზებს გამოასწორებს. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

როგორც ასლან ლოლაევმა ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სახელმძღვანელო გასაგები ენით არის დაწერილი და ის საინტერესო დავალებებსა და ილუსტრაციებს შეიცავს. მისი თქმით, სახელმძღვანელო ქვის ხანით იწყება და მასში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ისტორიაა მოცემული 2008 წლამდე.

„სახელმძღვანელოს დახმარებით ყველა ისტორიული პროცესის ერთიანი აღქმა და სწავლება მოხდება. გამოირიცხება სხვადასხვა მოვლენის ინტერპრეტაცია, რასაც აქამდე ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა ლოლაევმა.

ე.წ. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ კვლავ აუცილებელია ზოგიერთი მოვლენის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება, რაც სახელმძღვანელოს არსებულ ვერსიაში არის გათვალისწინებული. ლოლაევი ამბობს, რომ მომავალშიც სასწავლო მასალის განახლება გახდება აუცილებელი.