Loading data...
ე.წ. სამხრეთ ოსეთში დრონების გამოყენებით მასშტაბური წვრთნები გაიმართება

ე.წ. სამხრეთ ოსეთში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მასშტაბური წვრთნების ჩატარება იგეგმება. შესაბამისი განკარგულება ე.წ. თავდაცვის მინისტრმა, იური იაროვიცკიმ უკვე გასცა. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

ტაქტიკური წვრთნების მიზანია პირადი შემადგენლობის ბრძოლისუნარიანობის და პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება.

სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ სპეციალური დანიშნულების ბატალიონის, ასევე საარტილერიო, ჰაერსაწინააღმდეგო, ინჟინრული, ტექნიკური და ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფები.

წვრთნების სცენარის მიხედვით, ქვედანაყოფებმა უნდა შეასრულონ საჰაერო დაზვერვის, მიზნის შერჩევის და ცეცხლის კორექტირების ამოცანები, ასევე უნდა განახორციელონ იერიშები პირობითი მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკაზე.

მანევრების დროს ყველა ტიპის საბრძოლო ტექნიკა იქნება გამოყენებული. ტექნიკის ნაწილი ცხინვალში რუსეთის ფედერაციიდან მიმდინარე წლის იანვარში ჩაიტანეს.

სამხედრო პოლიგონზე შესაბამისი „ბრძოლის ველი“ შეიქმნება, სადაც ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლების წინაშე ახალი ტექნოლოგიების გამოყენების ეფექტიანობის დემონსტრირება მოხდება.