Loading data...
CNN: ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა ომს წააგებს, თუმცა ბრძოლის ველზე არსებული ვითარება ამას არ ადასტურებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან ომს აგებს და რომ მოსკოვს ახლა ფრონტზე უპირატესობა აქვს. თუმცა, რამდენიმე სამთავრობო წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ აშშ-სა და ევროპის მხრიდან არ არსებობს ახალი შეფასებები, რომლებიც ბრძოლის ველზე მნიშვნელოვან ცვლილებებზე მიუთითებს და რომ ისინი ვერ ხედავენ ნიშნებს, რომ ვლადიმერ პუტინის ძალებს შეუძლიათ სწრაფად მოიგონ ომი.

გამოცემის ცნობით, შეფასებები არაერთგვაროვან სურათს აჩვენებს: რუსეთი ფრონტის ხაზზე მცირე წარმატებებს აღწევს და უკრაინის მიწოდების ძირითად ხაზებს უახლოვდება, თუმცა უზარმაზარი სამხედრო დანაკარგების ფასად.

„რუსები უკრაინის ტერიტორიაზე აღწევენ, თუმცა ეს არ არის ფუნდამენტური ცვლილება იმასთან შედარებით, რაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხდებოდა“, - განუცხადა CNN-ს უკრაინელმა სამხედრო ჩინოვნიკმა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაზემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის 1%-ზე ნაკლები დაიკავა.

„ასე რომ, ეს ნამდვილად არ არის გამარჯვება ომში. ეს არ არის ის მიზნები, რომლებიც პუტინმა დაისახა. მას სურს უკრაინისთვის სუვერენიტეტის ჩამორთმევა. მას სურს უკრაინის, როგორც ქვეყნის, დამორჩილება. თუმცა, მათ ამის მიღწევა ბრძოლის ველზე არ შეუძლიათ“, - აღნიშნა მან.

ამავდროულად, ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ კიევისთვის სიტუაცია რთულია.

„უკრაინა თანდათან კარგავს სტრატეგიულად მნიშვნელოვან პოზიციებს აღმოსავლეთში ძალების ამოწურვისა და თავდაცვითი პოზიციების შეზღუდვის გამო“, - განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.