Loading data...
ბუდანოვი: რუსეთის ეკონომიკა ჯერ კიდევ საკმარისად ძლიერია ომის გასაგრძელებლად

უკრაინის მოკავშირეებმა არაერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რათა რუსეთი აიძულონ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს და ომი შეწყვიტოს. თუმცა, ეს ზომები მაინც საკმარისი არ არის, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა იტალიურ გაზეთ Il Foglio-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთი ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეა. კარგად მახსოვს ის მოსაზრებები, რომლებიც გავლენიანმა რუსმა სამხედრო ჩინოვნიკებმა 2023 წლის თებერვალში გამოთქვეს: „ჩვენ გვეგონა, რომ ძალიან ძლიერი არმია გვყავდა და სუსტი ეკონომიკა გვქონდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პირიქით იყო“. რუსეთის ეკონომიკა ჯერ კიდევ საკმარისად ძლიერია ომის გასაგრძელებლად“, - აღნიშნა მან.

ბუდანოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ეკონომიკა არა მხოლოდ ნავთობის, არამედ სხვა ენერგორესურსების წყალობითაც ფეხზე დგას. კერძოდ, მან რუსული გაზი ახსენა, რომლის შეძენასაც ზოგიერთი ევროპული ქვეყანა აგრძელებს.

„ახლა ყველა რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების საკითხს განიხილავს, მაგრამ ამავდროულად, რუსეთიდან თხევადი გაზის ექსპორტის მოცულობა იმდენად იზრდება, რომ ეს გაზის მოხმარების შემცირებას აკომპენსირებს. სწორედ ენერგეტიკული ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავალი აძლევს რუსეთს ომის გაგრძელების საშუალებას. სხვა ქვეყნების, მოკავშირეების დახმარებაც მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაგრამ ენერგეტიკიდან მიღებული შემოსავლის გარეშე რუსეთი ამ ომის გაგრძელებას ვერ შეძლებდა“, - განმარტა ბუდანოვმა.

უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ჰიპოთეტურად, თუ რუსულ ნახშირწყალბადებსა და ნავთობპროდუქტებზე რეალური ემბარგო დაწესდებოდა, საერთო სურათი სრულიად განსხვავებული იქნებოდა.

„ბოლო დღეებში უკრაინის მოკავშირეებმა არაერთი  სწორი ნაბიჯი გადადგეს: 22 ოქტომბერს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა სანქციების დაწესების შესახებ რუსული ნავთობგიგანტების, „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ და მათი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ, ხოლო მეორე დღეს ევროკავშირმა დაამტკიცა სანქციების მეცხრამეტე პაკეტი, რომელიც, ასევე, მოიცავს „ენერგეტიკულ ბლოკადას“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელს, ასევე, ჰკითხეს, ეხმარება თუ არა ამერიკული დაზვერვა უკრაინას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმის განხორციელებაში.

„ჩვენ ყველანი ამ პროცესში ვართ ჩართულები“, - უპასუხა მან.