Loading data...
ბენიამინ ნეთანიაჰუ: წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს, ირანს ატომური იარაღი რომ ჰქონდეს?!

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ირანის მიერ დაბომბილ ბათ-იამში ჩავიდა, სადაც სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ნეთანიაჰუმ, კვლავ, ისაუბრა იმ შესაძლო საფრთხეზე, რაც თეირანის მხრიდან ბირთვული იარაღის ქონას უკავშირდება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს. 

„ჩვენ აქ ვართ, რადგან ეგზისტენციალურ კამპანიაში ვართ ჩართულები, რაც დღეს ისრაელის თითოეული მოქალაქისთვის ნათელია“, - აცხადებს პრემიერი. 

„წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს, თუ ირანს ისრაელის ქალაქებზე შესატევად ატომური იარაღი ექნება?! წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს, თუ ირანს 20 000 ასეთი რაკეტა ექნება?!“, - მიმართა ნეთანიაჰუმ მოქალაქეებს. 

ისრაელის ლიდერმა მოუწოდა მოსახლეობას, დაიცვან ინსტრუქციები თავშესაფრის შესახებ, რადგან ეს „მათ სიცოცხლეს გადაარჩენს“.

„ირანი ძალიან დიდ ფასს გადაიხდის ჩვენი მოქალაქეების, ქალებისა და ბავშვების განზრახ მკვლელობისთვის. ჩვენ, ასევე, მივაღწევთ ჩვენს მიზნებს და ძლიერად დავარტყამთ მათ. ისინი იგრძნობენ ჩვენი ხელის ძალას“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა. 

ბენიამინ ნეთანიაჰუ ბათ-იამს მას შემდეგ ეწვია, რაც ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ჩავიდა შემთხვევის ადგილას და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. პრეზიდენტი, ასევე, მოსახლეობას ესაუბრა.