Loading data...
BBC: უკრაინის დროშა პოკროვსკში, მებრძოლებმა აჩვენეს, რომ ქალაქი რუსებს არ აუღიათ

მიუხედავად რუსის ლიდერის ვლადიმერ პუტინის განცხადებისა, რომ პოკროვსკი აღებულია, უკრაინული ძალები კვლავ აგრძელებენ ქალაქის ნაწილის შენარჩუნებას, თუმცა სიტუაცია უკიდურესად რთულია - რუსები თანდათანობით მიიწევენ წინ, აქტიურად იყენებენ დრონებს, ხოლო უკრაინული დანაყოფები დაღლილები არიან, მაგრამ დარწმუნებულები არიან, რომ უკან დახევა ტერიტორიის შემდგომ დაკარგვას ნიშნავს, - ამის შესახებ BBC-ი იტყობინება, რომლის ჟურნალისტიც  უკრაინულ სამეთაურო პუნქტს ეწვია.

მისი თქმით, აქ მყოფი ჯარისკაცები დრონებიდან პირდაპირ ეთერში გადაცემებს უყურებენ და ქალაქში რუსულ პოზიციებზე დარტყმებს კოორდინაციას უწევენ. სადესანტო პოლკის მეთაურმა, იურიმ, ისიც კი დაამტკიცა, რომ უკრაინა კვლავ აკონტროლებს ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილს. რადიოში მან ორ ჯარისკაცს სთხოვა, პოკროვსკის შენობაში არსებული თავშესაფრიდან გამოსულიყვნენ და უკრაინის დროშა ეჩვენებინათ. ავტორი წერს, რომ დრონის კადრებში ჩანს, როგორ აფრიალებენ უკრაინელი ჯარისკაცები ყვითელ-ლურჯ დროშას და სწრაფად ბრუნდებიან თავშესაფარში.

„ვფიქრობ, მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ უბრალოდ არ დავთმობთ ჩვენს ტერიტორიას. თუ ამას გავაკეთებთ, ყველა დაკარგავს რწმენას და შეწყვეტს უკრაინის დახმარებას“, - განაცხადა იურიმ, რომელიც სამეთაურო პუნქტში მსახურობს.

ჟურნალისტის თქმით, რუსული ჯარები პოკროვსკში სამხრეთიდან ნელ-ნელა მიიწევენ წინ.

„უკრაინა პოზიციებს კარგავს, თუმცა აცხადებს, რომ ჩრდილოეთს კვლავ ინარჩუნებს - რკინიგზის ხაზამდე, რომელიც ქალაქს შუაზე ყოფს“, - აღნიშნა მან.

სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინულ პოზიციებზე შეღწევისთვის რუსები იყენებენ 2-4 ჯარისკაცისგან შემდგარ მცირე ჯგუფებს, რომლებიც ზოგჯერ სამოქალაქო ტანსაცმელში არიან გამოწყობილნი.

„ეს კარგი ტაქტიკაა ტერიტორიაზე შესაღწევად. თუმცა, მტერი სწრაფად იდენტიფიცირდება - აღმოჩენასა და განადგურებას 15-20 წუთი სჭირდება“, - განაცხადა ბატალიონის მეთაურმა საშამ.

კიდევ ერთმა უკრაინელმა ჯარისკაცმა, ქალაქში არსებულ ვითარებას „რთული, მაგრამ კონტროლირებადი“ უწოდა. 

სტატიის ავტორის თქმით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ უკრაინელი მებრძოლები დანებდებიან. მაგალითად, წერს ის, „სამხედრო „რებიტი“ არ ეთანხმება წინადადებას, რომ უკრაინამ მშვიდობის გულისთვის ტერიტორია უნდა დათმოს“.

„ჩვენ ამ მიწის ნაწილი ვართ. თუ მას დავთმობთ, რუსეთს მეტი მოუნდება“, - დასძინა უკრაინის  დამცველმა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პოკროვსკში მებრძოლი უკრაინელი ჯარისკაცები „პოლიტიკურ საკითხებზე“ კომენტარის გაკეთებას ერიდებოდნენ. თუმცა, ლატვიიდან ჩამოსულმა მოხალისემ აღნიშნა, რომ ლატვიელებს ესმით, რომ თუ უკრაინა ომს წააგებს, შემდეგი მისი ქვეყანა იქნება.

ერთ-ერთმა მებრძოლმა, ასევე, გამოთქვა თავისი მოსაზრება ევროპისა და შეერთებული შტატების შესახებ. მან შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ქარიზმატულ და ძლიერ ლიდერად“ შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ თუ მისი წარმომადგენელი სტივ უიტკოფი „პუტინს უჭერს მხარს, ეს ამერიკას და ტრამპს ასუსტებს“. რაც შეეხება ევროპას, მისი თქმით, „ბევრი საუბარია, ბევრი ბიუროკრატია და არასაკმარისი ქმედებები“.

„ჩვენთან საუბრისას სამხედრო მოსამსახურეებისგან მიღებული გზავნილი ისაა, რომ პოკროვსკში სიტუაცია არც ისე პირქუშია. თუმცა, უკრაინას ამ კრიტიკულ დროს თავისი სიმტკიცე სჭირდება“, - დასძენს სტატიის ავტორი.