ბადრა გუნბა: რუსეთთან კავშირი აფხაზეთის უსაფრთხოების მთავარ გარანტიას წარმოადგენს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ „პარლამენტში“ ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას „შიდა და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.
ბადრა გუნბას თქმით, რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის მთავარ ვექტორად რჩება.
„რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობები უსაფრთხოების გარანტიისა და ეკონომიკური წინსვლის ფაქტორს წარმოადგენს“, - განაცხადა გუნბამ.
როგორც გუნბამ აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან რეგულარულმა კონტაქტებმა შესაძლებელი გახადა მნიშვნელოვანი საკითხების სწრაფად მოგვარება - ორმაგი მოქალაქეობიდან დაწყებული რუსული პენსიების მიღებითა და სამედიცინო სფეროში ერთობლივი პროექტების წამოწყებით დამთავრებული.
ამასთან, გუნბამ აღნიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში მუშაობა „საგარეო პოლიტიკური ინტერესების განვითარების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად“ რჩება.
„აფხაზური მხარე მხარს უჭერს საქართველოსთან საომარი მოქმედებების განუახლებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებას და ამას ხანგრძლივი სტაბილურობის მთავარ გარანტიად განიხილავს“, - დასძინა გუნბამ.