„არავინ აიძულებს მათ სიკვდილს ნანგრევების გულისთვის“ - ზელენსკი პოკროვსკიდან ჯარების გაყვანაზე
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ პოკროვსკში არსებული ვითარება „ძალიან რთულია“ და განაცხადა, რომ ჯარების გაყვანის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება ადგილზე სამხედრო სარდლობამ უნდა მიიღოს.
„არავინ აიძულებს მათ სიკვდილს ნანგრევების გულისთვის. მე მხარს დავუჭერ ჩვენს ჯარისკაცებს, რათა მათ შეძლონ სიტუაციის კონტროლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ჩვენთვის ძალიან ძვირი დაჯდება - ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ჯარისკაცები არიან“, - განაცხადა მან Bloomberg-თან ინტერვიუში.
ზელენსკის თქმით, რუსეთი პოკროვსკში გამარჯვებას ცდილობს, რათა ტრამპი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან უკრაინული ჯარების გაყვანისა და ომის დასრულების აუცილებლობაში დაარწმუნოს.
ამავდროულად, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აღმოსავლეთ ტერიტორიების დაცვაზე უარს არ იტყვის.
„ჩვენ არ შეგვიძლია აღმოსავლეთ უკრაინის დატოვება. ამას ვერავინ გაიგებს, ამას ხალხი ვერ გაიგებს. და რაც მთავარია, არავინ მოგვცემს გარანტიას, რომ ამა თუ იმ დასახლების აღების შემდეგ, ისინი წინ არ წავლენ. არანაირი შემაკავებელი ფაქტორი არ არსებობს“, - აღნიშნა მან.
უკრაინის პრეზიდენტი, ასევე, ამტკიცებს, რომ რუსეთის ჯარებს „იმდენი ძალა არ აქვთ“ და ისინი უკრაინის ენერგეტიკულ სისტემას ესხმიან თავს, რათა გაზაფხულამდე უკრაინა დაასუსტონ.
„მათ იციან, რომ როგორც კი ენერგეტიკული ფაქტორი გაქრება, მათ სხვა ძლიერი ფაქტორები აღარ დარჩებათ“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამავდროულად, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა კვლავ „ღიაა რუსებთან მოლაპარაკებებისთვის“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
„თუ მათ ნამდვილად სურთ ომის შეჩერება ან მზად არიან ამისთვის, დიპლომატიურ გზაზე უნდა გადავიდნენ“, - დასძინა ზელენსკიმ.