Loading data...
აფხაზეთში კვლავ საწვავის კრიზისი შეიქმნა

ოკუპირებული აფხაზეთის ბენზინგასამართ სადგურებში კვლავ გრძელი რიგები გაჩნდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ეს სიტუაცია გამოწვეულია რუსეთიდან საწვავის მოწოდების შეფერხებით, რომელიც ერთადერთი ბაზარია, საიდანაც აფხაზეთი ნავთობპროდუქტებს იღებს. თავად რუსეთში ეს პრობლემები შეიქმნა უკრაინის მიერ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებზე შეტევებით.

აფხაზური კომპანიის, „აზიდ“-ის განცხადებით, რუსეთის სახელმწიფო და ბიზნეს-სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ, რათა საწვავის ბაზარზე სიტუაცია დარეგულირდეს.

ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციური ტელეგრამ-არხები წერენ, რომ რეგიონში საწვავის კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი ამ ბაზარზე არსებული სრული მონოპოლიაა. 2024 წელს რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებულ აფხაზეთში ნავთობპროდუქტების მიწოდების ექსკლუზიური უფლება „როსნეფტს“ მისცა.