აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდნილი დრონი აღმოაჩინეს
ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. ჩამოვარდნისას უპილოტო საფრენმა აპარატმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
მანამდე ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში შევიდა შეტყობინება, რომ დრონის ნამსხვრევები გაგრის, ახალი ათონის და გულრიფშის რაიონებში ჩამოვარდა. მაგრამ ადგილზე მისულმა მაშველებმა ის ვერ აღმოაჩინეს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 4 მარტს საღამოს ე.წ. საკონტროლო-გამშვებმა პუნქტმა „ფსოუმ“ დრონების იერიშების საფრთხის გამო მუშაობა შეაჩერა.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოხუმის თავზე დრონები გამოჩნდა და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები მათ განადგურებას ცდილობენ. ქალაქში სროლის და აფეთქებების ხმები ისმის. დე-ფაქტო ხელისუფლება მიმართავს მოსახლეობას, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს.