1-ლი ნოემბრიდან „რუსლაინი“ მოსკოვსა და სოხუმს შორის პირდაპირ ავიარეისებს იწყებს
ავიაკომპანია „რუსლაინი“ 2025 წლის 1 ნოემბრიდან მოსკოვსა და სოხუმს შორის პირდაპირ ავიარეისებს იწყებს. ინფორმაციას Apsadgil.info ავრცელებს.
ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება. მოსკოვს და სოხუმს 50-ადგილიანი Bombardier CRJ100/200 დააკავშირებს. ფრენის დრო 3 სთ და 40 წუთია.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის სოხუმის აეროპორტი, რომელიც 30 წლის პაუზის შემდეგ 2025 წლის მაისში გაიხსნა, 25 ოქტომბრიდან მუშაობას დროებით წყვეტს.
აეროპორტის მუშაობის შეჩერება საკურორტო სეზონის დასრულებას და მგზავრთა ნაკადის შემცირებას უკავშირდებოდა. სოხუმში ფრენა არარენტაბელური გახდა.
მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოხუმის დე ფაქტო მთავრობა ცდილობდა მოსკოვთან შეთანხმების მიღწევას, რომ რუსეთის ბიუჯეტიდან დოტაციების გზით კვირაში 1-2 რეისის შენარჩუნება მაინც მომხდარიყო.