დავით მაღრაძე - ვინც კეთილ დაპირებებს იძლევა, იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს მათი ნათქვამი სარწმუნო, თუ ისინი ხელისუფლებაში არასოდეს გვინახავს, მაგრამ, როდესაც ნანახი გვყავს, რაღა მნიშვნელობა აქვს რას იტყვიან?!
„ჩვენ ხშირად ვუხსნით ხოლმე ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერებს, რომ მათ დროს იყო სისტემური წამება პენიტენციარულ სისტემაში, ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ ჰქონდა, ისე ხელაღებით შეეძლოთ გამეტება. ეს წაქეზებული, ტელევიზიით ხელშეწყობილი იყო, როგორ სასტიკად ექცეოდნენ ადამიანებს, როგორ ხოცავდნენ ქუჩაში... განა არ სჯერათ, რომ იყო? ზუსტად იციან, რომ იყო და ის მცირერიცხოვანი მხარდამჭერიც იმიტომ უჭერს მხარს, რომ მათ ვნებებს ემთხვევა ეს სისასტიკე“, - აცხადებს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პოეტი დავით მაღრაძე.
მისი თქმით, ვინც კეთილ დაპირებებს იძლევა, იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს მათი ნათქვამი სარწმუნო, თუ ისინი ხელისუფლებაში არასოდეს გვინახავს, მაგრამ, როდესაც ნანახი გვყავს ხელისუფლებაში, რაღა მნიშვნელობა აქვს რას იტყვიან?!
„მე ვერ ვიქნები ნეიტრალური ამომრჩეველი ჩემი ბიოგრაფიისა და თავგადასავლის გამო, ყველა ქარტეხილი, რასაც მოვესწარი, გულგრილად არც ერთი არ ჩამიტარებია. არ ვეკუთვნი იმ ხელოვანთა რიცხვს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ როდესაც უსამართლობა ხდება, ის უნდა დაიმალოს, თავის დამალვას კი საქმის კეთება დაარქვას. ასეთ ნეიტრალურ ამომრჩეველს ათენიდან აძევებდნენ ხოლმე. სულ არ მაწუხებს, რომ არა ვარ ნეიტრალური ამომრჩეველი. ჩართული ვარ ჩემი სამშობლოს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვსუნთქავ ჩემი სამშობლოს ჰაერით. ამდენად, ძალიან დიდი ნდობა არა მაქვს ნეიტრალური ხალხის, ვინც ამას ნეიტრალობას არქმევს; სახელს არ ვუწოდებ, არც შეურაცხმყოფელს, არც დამაკნინებელს, უბრალოდ, ნეიტრალური ამომრჩეველი ასეთი ქარტეხილების დროს ჩემთვის არ არის მისაბაძი...
ვინც ამბობს, ამას და იმას ვიზამთო და კეთილ დაპირებებს იძლევიან, იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს მათი ნათქვამი სარწმუნო, თუ ისინი ხელისუფლებაში არასოდეს გვინახავს, მაგრამ, როდესაც ნანახი გვყავს ხელისუფლებაში, რაღა მნიშვნელობა აქვს რას იტყვიან?! ჩალის ფასი აქვს ყველა სიტყვას, ყველამ ზედმიწევნით იცის, ვისი რეკონსტრუირება მოხდება. პროგნოზი არ სჭირდებათ, ზუსტად შეუძლიათ წარმოიდგინონ, რა განმეორდება. რა თქმა უნდა, მათ ძალიან მცირერიცხოვანი ერთგული ნაწილი ჰყავთ, მაგრამ ეს არ არის ის გავლენის არეალი, რომელმაც შეიძლება საარჩევნო გარდატეხა ან რყევა გამოიწვიოს.
აქვე მინდა ერთი რამ დავძინო - ჩვენ ხშირად ვუხსნით ხოლმე ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერებს, რომ მათ დროს იყო სისტემური წამება პენიტენციარულ სისტემაში, ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ ჰქონდა, ისე ხელაღებით შეეძლოთ გამეტება. ეს წაქეზებული, ტელევიზიით ხელშეწყობილი იყო, როგორ სასტიკად ექცეოდნენ ადამიანებს, როგორ ხოცავდნენ ქუჩაში... განა არ სჯერათ, რომ იყო? ზუსტად იციან, რომ იყო და ის მცირერიცხოვანი მხარდამჭერიც იმიტომ უჭერს მხარს, რომ მათ ვნებებს ემთხვევა ეს სისასტიკე. რომ ამბობთ, ყველას გვინდა მშვიდობიანი არჩევნებიო, არ გვინდა ყველას! ეს პოლიტიკოსების ფრაზებია, „დღეს როგორც არასდროს“, სრული სიყალბეა ასეთი ფრაზა. "ყველა ერთად დავდგებით" - ესეც სიყალბეა. „ყველას ერთად გვაწუხებს“ - არ გვაწუხებს ყველას ერთად! არის ხალხი, რომელთაც შენ რაც გაწუხებს, ის ახარებს“, - აცხადებს დავით მაღრაძე.