Loading data...
ვახტანგ ჭარაია: „ნამოხვანჰესის“ ეკონომიკური სარგებელი საქართველოსთვის იქნებოდა შეუფასებელი

„გინდ ქართველი იყოს, გინდ უცხოელი, ამოსავალი წერტილი ეს არ უნდა იყოს, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, რა ინვესტიციას ახორციელებს, გვჭირდება თუ არა ჩვენ ეს ინვესტიცია, ახლავს თუ არა მას ისეთი ხიფათი, რომელიც წონის იმ ფინანსურ სარგებელს, რომელიც შეიძლება მას მოჰყვეს და შესაბამისი გადაწყვეტილება ძალიან მარტივია შემდგომ მისაღებად“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „გრუნის“ ბიზნესაკადემიის დეკანმა ვახტანგ ჭარაიამ.

ჭარაიამ ილაპარაკა „ნამოხვანჰესის“ მნიშვნელობაზე და თქვა, რომ მისი ეკონომიკური სარგებელი საქართველოსთვის იქნებოდა შეუფასებელი, არამარტო სუფთა ეკონომიკური, არამედ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვისაც.

„ნამოხვანჰესის“ ეკონომიკური სარგებელი საქართველოსთვის იქნებოდა შეუფასებელი, არამარტო სუფთა ეკონომიკური, არამედ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვისაც, სამუშაო ადგილებისთვის, საბიუჯეტო შემოსავლებისთვის, ეგრეთ წოდებული გადადინების ეფექტით, უამრავ სხვა დარგში იქნებოდა დადებითი შედეგები. ეს შესაძლებლობა დავკარგეთ, არ არის გამორიცხული, რომ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, იმ ელექტროენერგიას, რომელიც საქართველოში უნდა გამომუშავებულიყო, გამოიმუშავებენ ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ყველა იმ სიკეთის ნაცვლად, რომელიც აქ უნდა გვქონოდა, ეს სიკეთე გაჩნდება საზღვარგარეთ, პლუს მოგვიწევს ამ პროდუქციის შეძენა, თანაც გაცილებით უფრო ძვირად, ვიდრე საქართველოში შეგვეძლო გვეწარმოებინა.

სახელმწიფო მარტო ყველაფერს ვერ იზამს, საზოგადოების მახვილგონიერება არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი და მარტო იმიტომ, რომ ვიღაცას შეიძლება პოლიტიკურ სარგებელს აძლევდეს ნეგატიურ ჭრილში გაშუქება, ეს ასე არ უნდა ხდებოდეს, როგორც მინიმუმ და უკეთეს შემთხვევაში საზოგადოება უნდა აპროტესტებდეს ასეთ ქმედებას, სწორი აქცენტები უნდა იყოს დომინანტი სახელმწიფოში.

თუ ჩვენ მივიჩნევთ, რომ საქართველოში არ შეიძლება მსხვილი ჰესების მშენებლობა, მოდით, შევხედოთ შვეიცარიის მაგალითს, ბევრი სხვა განვითარებული ქვეყნის მაგალითსაც, სადაც მეგაჰესები მრავლად აქვთ, გაცილებით დიდი რაოდენობით, ვიდრე საქართველოს.

საქართველოში თუ ერთი-ორია, შვეიცარიაში რამდენიმე ათეულია. თუ საქართველო იყენებს საკუთარი ჰიდროენერგოპოტენციალის დაახლოებით 20 პროცენტს, შვეიცარია იყენებს 90 პროცენტზე მეტს. რატომ არ შეიძლება ჩვენ გამოვიყენოთ ის რესურსი, რომელიც გვაქვს, როდესაც ვართ ღარიბი ქვეყანა, შვეიცარია, რომელიც მდიდარი სახელმწიფოა, ახერხებს იმას, რომ აშენებს ამ ჰესებს და ჩვეულებრივად მართავს, ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყნად მიიჩნევა როგორც გარემოს, ასევე უსაფრთხოების, ეკოლოგიის თუ სხვადასხვა კუთხით“, - აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.

„გრუნის“ ბიზნესაკადემიის დეკანის თქმით, 90-იანი წლებიდან დღემდე საქართველო სწორედ უცხოური ინვესტიციებით განვითარდა.

„საქართველოს ეკონომიკური გაძლიერება, მართალია, თანაბარი არ არის და ყველას ერთნაირად არ ეხება ნებისმიერი ინვესტიცია, მაგრამ საქართველოს ეკონომიკური განვითარება 90-იანი წლებიდან დღემდე, თუ რაიმეთი განხორციელდა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თუ არა, მთავარი ფაქტორი არის სწორედ უცხოური ინვესტიციები.

საქართველო კი არა, განვითარებული ქვეყნებიც რომ არიან უზარმაზარი ფინანსური რესურსით, ისინიც კი იღებენ უცხოურ ინვესტიციებს, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები თუ არაბეთის გაერთიანებული საამიროები, იაპონია თუ ნებისმიერი სახელმწიფო, იღებს უცხოურ ინვესტიციებს, იმიტომ, რომ ყველაფრის ტექნოლოგია, ყველაფრის გამოცდილება, ცოდნა ან თუნდაც კონკრეტულ სექტორში ინტერესი და ფინანსური რესურსი ყოველთვის არ მოიძებნება, სწორედ ამიტომაც შემოდის ინვესტორი, რომ ხედავს - არის საჭიროება და ამ საჭიროების შევსება მას შეუძლია“, - განმარტა ჭარაიამ.