Loading data...
თამარ იოსელიანმა საუდის არაბეთის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მინისტრის მოადგილესთან საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი საუდის არაბეთის სამეფოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მინისტრის მოადგილეს რუმეიჰ ალ-რუმეიჰს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის ფარგლებში მოხდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები საზღვაო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს შავი ზღვის პორტებისა და „შუა დერეფნის“ სატრანზიტო შესაძლებლობების დაკავშირებაზე საუდის არაბეთის მზარდ საპორტო და ლოგისტიკურ ეკოსისტემასთან ტვირთების ეფექტიანი გადაადგილებისა და ახალი მარშრუტების განვითარების მიზნით.

აღინიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვან სახელმწიფო ინვესტიციებს ახორციელებს საკუთარი სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას.

თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა საუდის არაბეთის გემთფლობელ კომპანიებში ქართველი მეზღვაურების დასაქმებას და ამ მიმართულების ხელშეწყობისთვის საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას მადლობა გადაუხადა.

საუდის არაბეთის მხარემ გამოთქვა დაინტერესება, საქართველოს გაუზიაროს გამოცდილება საპორტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, მათ შორის, საუდის არაბეთის საზღვაო სასწავლებლებში საქართველოდან საზღვაო სექტორში დასაქმებული კადრების პროფესიული განათლებისა და უნარების განვითარების მიმართულებით ჰიდროგრაფიის, საპორტო მომსახურებისა და ლოგისტიკის კუთხით.

მხარეებმა განიხილეს ერთობლივი სასწავლო პროგრამების, ტრენინგების და გაცვლითი პროექტების მხარდაჭერის, მწვანე და მდგრადი საზღვაო განვითარების – ლურჯი ეკონომიკის, ზღვის ეკოსისტემების დაცვის, ზღვის დონისა და კლიმატის ცვლილების მონიტორინგის, ასევე ეკოლოგიურად პასუხისმგებელი პორტული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები.