თამარ იოსელიანმა საუდის არაბეთის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მინისტრის მოადგილესთან საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი საუდის არაბეთის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მინისტრის მოადგილეს, აჰმედ ბინ სუფიან ალ-ჰასანს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
მათივე ცნობით, შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა. აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის 2019 წელს გაფორმებულ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში შეთანხმებაზე, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის მგზავრთნაკადისა და საჰაერო მიმოსვლის ზრდას - მიმდინარე წლის 9 თვის მდგომარეობით, საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 12.8%-ით, შეთანხმების გაფორმებამდე გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას კი თითქმის 9-ჯერ აღემატება. ამჟამად, ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლას საუდის არაბეთის ავიაკომპანია „Flynas“-ი 2 მიმართულებით, კვირაში 7 სიხშირით ასრულებს.
საუბარი შეეხო აგრეთვე საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ 2021 წელს ქვეყნებს შორის გაფორმდა მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ მემორანდუმი, რაც ქართველ მეზღვაურებს საშუალებას აძლევს, დასაქმდნენ და იმსახურონ საუდის არაბეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე.
აგრეთვე მხარეებმა მიმოიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები საზღვაო განათლების, საზღვაო ტრანსპორტის გაციფრულების და მწვანე ტრანსპორტის კუთხით.
შეხვედრას დაესწრო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე.