Loading data...
თამარ იოსელიანმა ავიაკომპანია Wizz Air-ის წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობა განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ავიაკომპანია Wizz Air-ის დელეგაციის წევრებთან სამომავლო თანამშრომლობა განიხილა.

მინისტრის მოადგილემ სტუმრებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიის ტენდენციები, აგრეთვე საავიაციო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა გააცნო. თამარ იოსელიანის ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, 3 500 მ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. აღინიშნა, რომ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარების შესაძლებლობას, ასევე, აეროპორტი შეძლებს დიდი ზომის (ე. წ. wide body) საჰაერო ხომალდების მიღებას.

როგორც Wizz Air-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საქართველო ავიაკომპანიისთვის სტრატეგიული მიმართულებაა. აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე,Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა 12 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს, ხოლო 2026 წლიდან სრულიად ახალი - ბრატისლავას მიმართულებით დაიწყებს ფრენებს. ითქვა, რომ ამჟამად ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანიის 4 თვითმფრინავია ბაზირებული.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსთან Wizz Air-ის საქმიანობის შემდგომი განვითარების საკითხები.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი.