Loading data...
თამარ იოსელიანი: ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოს ავიაბაზარზე გაიზარდოს ავიაკომპანიების რიცხვი და მიმართულებები იყოს დივერსიფიცირებული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, სამინისტრო საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანიასთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოს ავიაბაზარზე გაიზარდოს ავიაკომპანიების რიცხვი და მიმართულებები იყოს დივერსიფიცირებული.

„მხოლოდ ნოემბრის თვეში უკვე რამდენიმე ავიაკომპანიასთან დაკავშირებით გავავრცელეთ ინფორმაცია - ეს იყო ჩინური ავიაკომპანია, რომელმაც დაამატა ფრენები პეკინის მიმართულებით და, შესაბამისად, თბილისი-ურუმჩი-პეკინის მიმართულებით შესრულდება რეისები მიმდინარე წლის დეკემბრის თვიდან, ასევე დეკემბრიდან „ვიზეარი“ იწყებს ფრენებს ვენეციის მიმართულებით ქუთაისიდან, ხოლო ევროპული ავიაკომპანია Condor Airlines ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით დაიწყებს ფრენებს ზაფხულის სეზონიდან ყოველდღიურად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ფრანკფურტის ჰაბთან დაკავშირებისა და ტრანსატლანტიკური ტრანზიტული ფრენების კუთხით“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილემ ასევე განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ერთობლივი მუშაობით ევროპული, ძალიან ავტორიტეტული, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Norwegian-ის საქართველოს ბაზარზე შემოყვანას, რომელიც თბილისსა და კოპენჰაგენს შორის შეასრულებს რეისებს. მისი შეფასებით, ეს ფაქტი ისტორიული მოვლენაა, რადგან აქამდე დანიის სამეფოსა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ არსებობდა.

„უკვე 70-მდე კომპანიაა საქართველოს ავიაბაზარზე და, დარწმუნებული ვარ, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ ბევრი სიახლე გვექნება“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.