Loading data...
თამარ იოსელიანი: ჩვენი ამოცანაა, მზარდი ტვირთნაკადები ქვეყნისთვის გრძელვადიან ეკონომიკურ შესაძლებლობად ვაქციოთ, რისთვისაც თანმიმდევრულად ვზრდით, როგორც საქართველოს სატრანსპორტო სისტემის გამტარუნარიანობას, ასევე ეფექტიანობას და კონკურენტუნარიანობას

„2026 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით, საქართველოში სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს და ზრდა გვიფიქსირდება როგორც ნავსადგურებში, ასევე რკინიგზასა და ავიაციაში“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ზრდა სისტემურია და მოიცავს ყველა ძირითად მიმართულებას.

„მაგალითისათვის მოვიშველიებ ნავსადგურებს, სადაც გაზრდილია ყველა ძირითადი სახეობის ტვირთის გადამუშავება. ასევე ხაზი უნდა გაესვას რკინიგზაზე არსებულ ზრდას, სადაც გადაზიდვების ყველა რეჟიმში გაზრდილია ტვირთები, როგორც ტრანზიტში, იმპორტში, ექსპორტსა და ადგილობრივ გადაზიდვებში.

სწორედ ასეთი თანმიმდევრული და ზოგადად მრავალმხრივი ზრდა აჩვენებს იმას, რომ ეს შედეგი ერთჯერადი არ არის და იმ ცვლილებებს და რეფორმებს ეფუძნება, რომელიც ზოგადად სატრანსპორტო სექტორში განხორციელდა, ასევე ინფრასტრუქტურაში განხორციელებულ ინვესტიციებს, ზოგადად ეფექტიან მართვას და ქვეყნის თანმიმდევრულ სატრანსპორტო პოლიტიკას“, - აცხადებს თამარ იოსელიანი.

თამარ იოსელიანის თქმით, სისტემური მუშაობა აქტიურად გრძელდება იმისთვის, რომ მზარდი სატრანზიტო ნაკადები ქვეყნის მდგრად განვითარებას მოემსახუროს.

„ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ აღნიშნული დინამიკა და მზარდი ტვირთნაკადები ქვეყნისთვის გრძელვადიან ეკონომიკურ შესაძლებლობად ვაქციოთ, რისთვისაც თანმიმდევრულად ვზრდით როგორც საქართველოს სატრანსპორტო სისტემის გამტარუნარიანობას, ასევე ეფექტიანობას და ზოგადად კონკურენტუნარიანობას“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.