შავი ზღვის გავლით ენერგოკაბელის პროექტის საგზაო რუკის მომზადება აქტიურად მიმდინარეობს
ამჟამად ინიციატივა „მწვანე ენერგიის დერეფნის“ (Caspian-Black Sea-Europe Green Energy Corridor) შექმნის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებისა და საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილების (FID) მისაღებად საგზაო რუკის შემუშავების ეტაპზეა.
როგორც სააგენტო Report Green Energy Corridor Power Company-ზე (GECO) დაყრდნობით იუწყება, პროექტი მიზნად ისახავს აზერბაიჯანსა და საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროებიდან — ქარის, მზისა და ჰიდროელექტროსადგურებიდან — გამომუშავებული ელექტროენერგიის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გადაცემას.
სრული ამოქმედების შემდეგ დერეფნის ჯამური სიმძლავრე 3,9 გიგავატს მიაღწევს. ინფრასტრუქტურა მოიცავს მაღალი ძაბვის მუდმივი დენის გადაცემის სამ დამოუკიდებელ სისტემას (HVDC), რომლებიც ძაბვის წყაროს გარდამქმნელებზე (VSC) იქნება დაფუძნებული. თითოეული სისტემის პარამეტრები ±525 კვ, ხოლო სიმძლავრე — 1 300 მეგავატი იქნება.
პირველი ეტაპის ამოქმედება 2032 წლისთვის არის დაგეგმილი. მარშრუტი გაივლის ბაქო–ქსანი–ანაკლია–კონსტანცა-სამხრეთის (რუმინეთი) მიმართულებით, ხოლო ხმელეთზე გაგრძელდება უნგრეთში, ბუდაპეშტის მახლობლად მდებარე ალბერტირშას ქვესადგურამდე. გადაცემის სიმძლავრე 2 000 მეგავატი იქნება, მარშრუტის სიგრძე კი დაახლოებით 3 040 კილომეტრს შეადგენს.
მეორე ეტაპის ამოქმედება 2036 წლისთვის არის დაგეგმილი. მარშრუტი გაივლის ბაქო–წყალტუბო–ფოთი–დომნეშტის (რუმინეთი) მიმართულებით და მისი საერთო სიგრძე დაახლოებით 2 340 კილომეტრი იქნება. მესამე ეტაპის ამოქმედება 2040 წლისთვის არის გათვალისწინებული. მარშრუტი გაივლის ბაქო–წყალტუბო–ფოთი–კონსტანცა-სამხრეთის მიმართულებით და მისი სიგრძე დაახლოებით 2 020 კილომეტრი იქნება.
თითოეული გადამცემი ხაზის წყალქვეშა მონაკვეთი შავი ზღვის ფსკერზე, საქართველოს სანაპიროდან რუმინეთამდე გაივლის. წყალქვეშა საკაბელო მონაკვეთების სიგრძე დაახლოებით 1 120 კილომეტრი იქნება, ხოლო აბისალურის ვაკის რაიონში კაბელის გაყვანის მაქსიმალური სიღრმე 2 200 მეტრს მიაღწევს. საქართველოში, ქსანსა და წყალტუბოში განთავსებული გარდამქმნელი სადგურები უზრუნველყოფს დერეფნის ორმხრივ დაკავშირებას ქვეყნის ენერგოსისტემასთან, რაც შესაძლებელს გახდის ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტსა და დეფიციტის შემთხვევაში ელექტროენერგიის იმპორტს.
დერეფნის ინფრასტრუქტურა შეტანილია ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთა ევროპული ქსელის (ENTSO-E) განვითარების ათწლიან გეგმაში — TYNDP 2026 — პროექტების იდენტიფიკატორებით 1248 და 1244.
აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის „მწვანე ენერგიის“ განვითარებისა და ტრანსპორტირების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება, ევროკომისიის ხელშეწყობით, 2022 წლის 17 დეკემბერს ბუქარესტში გაფორმდა.