სებ-ის აღმასრულებელი დირექტორი: „ბაზისბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ გაერთიანება ქმნის რეალურ შესაძლებლობას, საბანკო სისტემაში გაჩნდეს მესამე შედარებით მსხვილი სისტემური ბანკი
ეს ტრანზაქცია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი აქტიური განვითარების ფაზაშია და მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვის, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა დოჭვირმა აქციების ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიალზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გარიგება საქართველოს საბანკო სექტორისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც თავისი მასშტაბით, ისე შინაარსით.
„აღსანიშნავია ამ გარიგების მნიშვნელობა საერთაშორისო ინვესტიციების კონტექსტში, კერძოდ ჩინური კაპიტალის მიმართულებით. ნიშანდობლივია, რომ საფინანსო სექტორი უკვე წლებია ლიდერობს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ეს ტრანზაქცია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი აქტიური განვითარების ფაზაშია და მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ბექა დოჭვირმა.
როგორც მან აღნიშნა, საფინანსო სექტორისთვის ასეთი მსხვილი ტრანზაქციის განხორციელება მეტად საპასუხისმგებლო მოვლენაა და მოითხოვდა ეროვნულ ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობას.
„საფინანსო სექტორისთვის ასეთი მსხვილი ტრანზაქციის განხორციელება მეტად საპასუხისმგებლო მოვლენაა და მოითხოვს რეგულატორთან მჭიდრო თანამშრომლობას როგორც მომხმარებელთა ინტერესების დაცვის, ასევე სექტორში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით. შესაბამისად, ამ პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობდა ორივე ბანკთან“, - განაცხადა ბექა დოჭვირმა.
აღნიშნული ტრანზაქციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია საბაზრო კონკურენციის გაძლიერება.
„ბაზისბანკისა და ლიბერთი ბანკის გაერთიანება ქმნის რეალურ შესაძლებლობას, საბანკო სისტემაში გაჩნდეს მესამე შედარებით მსხვილი სისტემური ბანკი, რომელიც რესურსების ოპტიმიზაციის და მასშტაბის ეკონომიის შედეგად ხელს შეუწყობს კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება მომხმარებელთა კეთილდღეობაზეც. საბოლოოდ, „ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთი ბანკის“ შეძენა არ არის მხოლოდ კომპანიების გაერთიანება - ეს არის ნაბიჯი უფრო კონკურენტული, მრავალფეროვანი, განვითარებაზე ორიენტირებული საბანკო სისტემისკენ“, - განაცხადა ბექა დოჭვირმა.