Loading data...
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა და სების და საბანკო სექტორის გამორჩეული თანამშრომლები დააჯილდოვა.

ბანკირის დღე წელს განსაკუთრებულ მოვლენას - ლარის შემოღების 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიების ფარგლებში, პროფესიული მიღწევებისა და განსაკუთრებული სამსახურებრივი ღვაწლისთვის, საპატიო სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ როგორც სების 30 წელზე მეტი სტაჟის მქონე თანამშრომლებს, ასევე კომერციული ბანკების წარმომადგენლებს.

შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და პროფესიული დღე მიულოცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ.

მისი თქმით, საქართველოს საბანკო სექტორი საუკუნოვანი ტრადიციის გამგრძელებელია და ამაყად დგას ილიასა და იასონის გზაზე.

მან ხაზი გაუსვა სექტორში დასაქმებული ათასობით პროფესიონალის როლს ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის განმტკიცებაში და მადლობა გადაუხადა მათ ერთგული, გამორჩეული შრომისთვის.

„ჩვენი პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საბანკო სექტორის განვითარება, არამედ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაა, რაშიც 50 ათასამდე პროფესიონალს უდიდესი წვლილი მიუძღვის,“ - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის გუნდი, მანდატის ფარგლებში, აგრძელებს თანმიმდევრულ და სანდო მონეტარულ პოლიტიკას, ფასების ნორმალიზებას და საბანკო ინდუსტრიაში უფრო მაღალი სტანდარტების დაწესებაზე მუშაობას, რათა ფინანსური სტაბილურობა კვლავაც იყოს ქვეყნისა და ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედი.

„ჩვენ არ ვჩერდებით მიღწეულზე, ვაგრძელებთ მუშაობას, რომ საბანკო ინდუსტრიაში უფრო მაღალი სტანდარტები დავამკვიდროთ და ფინანსური სტაბილურობა კვლავაც იყოს ქვეყნისა და ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედი,“ - დასძინა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა წლის მნიშვნელოვან ფინანსურ მოვლენებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2025 წელი განსაკუთრებით აქტიური იყო როგორც საერთაშორისო თანამშრომლობის, ისე შიდა ფინანსური ინოვაციების კუთხით.

მისი თქმით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის საიუბილეო წელი არა მხოლოდ სამახსოვრო მონეტების გამოშვებით, არამედ საკვანძო ღონისძიებებით აღნიშნა, მათ შორის თბილისის ფინანსური სამიტით, რომელიც „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში პირველად გაიმართა და 50-ზე მეტი ქვეყნის 1000-ზე მეტ დელეგატს მოუყარა თავი.

„მიხარია, რომ საქართველო სულ უფრო მიმზიდველი ხდება როგორც რეგიონალური ჰაბი. ჩვენი მიზანია, მსხვილმა საერთაშორისო კომპანიებმა საქართველოში დააფუძნონ ბიზნესები და აქედან მოემსახურონ როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზრებს,“ - აღნიშნა მან.

ბანკირის პროფესიული დღე საქართველოში 2001 წლიდან აღინიშნება. ბანკირის დღე პირველი ქართული ბანკის - სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსებიდან 125 წლისთავის აღსანიშნავად, სიმბოლურად 8 ნოემბერს, მისი დამაარსებლისა და პირველი ხელმძღვანელის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს მიეძღვნა.

ბანკირის დღის დაარსების ინიციატივა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საბანკო ასოციაციას ეკუთვნის.